ოთხი დეპუტატისთვის დაწერეს ახალი წესები, რომ შეუძლიათ მეტი დროით ისარგებლონ და თანამდებობები გაინაწილონ. პარლამენტის კანონით ღია ვაჭრობა და შეთანხმება გაფორმდა, შესვლის სანაცვლოდ თანამდებობების მიღება კანონით გააფორმეს, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „ნიუსრუმი“ პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ეკა ბესელიას თქმით, ასეთი მცდელობა შექმნა „ილუზორული სურათი“ თითქოს პარლამენტი ოპოზიციით არის წარმოდგენილი, ძალიან სევდიან და კომიკურ განწყობას ტოვებს.
„,ვნახეთ როგორ შეიცვალა რეგლამენტი ოთხი ადამიანის გამო. ეს ძალიან სახიფათო მოცემულობაა, თავის დროზე პარლამენტის რეგლამენტი კობახიძემ სპეციალურად შეცვალა და შემოიტანა საშინელი ინკვიზიციური წესები, რომლითაც დამოუკიდებელ დეპუტატებს წაართვა დრო და დაუტოვა ერთი წუთი. ახლა უცებ, ოთხი დეპუტატისთვის დაწერეს ახალი წესები, რომ შეუძლიათ მეტი დროით ისარგებლონ და თანამდებობები გაინაწილონ. პარლამენტის კანონით ღია ვაჭრობა და შეთანხმება გაფორმდა, პარლამენტში შეცვლის სანაცვლოდ თანამდებობების მიღება კანონით გააფორმეს.
ძალიან საინტერესო და ღიმილისმომგვრელი სურათია ახლა საქართველოს პარლამენტში. ვგულისხმობ იმას, რომ ასეთი მცდელობა, შექმნა ილუზორული სურათი თითქოს პარლამენტი ოპოზიციით არის წარმოდგენილი, ტოვებს ძალიან სევდიან და კომიკურ განწყობას. გვიჩნდება განცდა, რომ პროგრესის და პარლამენტის გაძლიერების ნაცვლად, რაც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ აუცილებლად უნდა მომხდარიყო, რეგრესი და უკუსვლა მივიღეთ. სტრასბურგშიც, საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ჩვენი დელეგაცია მხოლოდ უმრავლესობის სახით არის წარმოდგენილი, რაც ითვლება ძალიან ცუდ ჟესტად. იქ ძალიან დიდი ყურადღებას აქცევენ ოპოზიციის წარმომადგენლობას და კვოტას - დაბალანსებულია თუ არა სქესის მიხედვით დელეგაცია და სტანდარტები ამ მხრივ ძალიან მკაცრია“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მისივე განცხადებით, დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარის თქმა სისულელეა და პარლამენტის ისტორიაში არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც დეპუტატს აიძულებენ განახორციელოს მისი უფლებამოსილება.
,,უფლებამოსილების შეწყვეტა, რომელიც აქამდე უნდა მომხდარიყო დეპუტატების დააგვიანეს და ორაზროვანი განცხადებები კეთდება. ნაწილი ამბობს, რომ შევუწყვეტთ უფლებამოსილებას, ნაწილი ამბობს, რომ ქვეყანას როგორც სჭირდება. ასეთი მმართველობის პირობებში სადაც განსხვავებული აზრი აღარ ისმის, შეიძლება ნებისმიერი სისულელე ჩაიდინონ, მათ შორის, არ შეუწყვიტონ უფლებამოსილება. არ არსებობს პარლამენტის ისტორიაში პრეცედენტი, როდესაც აიძულებ დეპუტატს განახორციელოს მისი უფლებამოსილება. ეს ისეთი შემთხვევაა როდესაც მხოლოდ პირადი სურვილი და ამომრჩევლის ნება განსაზღვრავს ადამიანის ყოფნას წარმომადგენლობით ორგანოში. ყველაზე დიდი სიგიჟე ალბათ იქნება სელექციური გადაწყვეტილება - ვიღაცას შეუწყვიტონ და ვიღაცას არა. ეს იქნება ყველაზე დიდი გადაბიჯება კონსტიტუციის“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით შესულ უფრაქციო დეპუტატთა ჯგუფს ხელმძღვანელის ყოლის და შიდა დებულების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ცვლილებების პროექტის მიხედვით, უფრაქციო დეპუტატებს ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერებისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების წარდგენის უფლებაც ექნებათ, გარდა ამისა, მათ საპარლამენტო გამოსვლებისას იგივე დრო განესაზღვრებათ, რაც ფრაქციისთვის არის განსაზღვრული.
როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, ცვლილებების მიზანია პარლამენტში შესულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელთაც ფრაქცია არ აქვს, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვისთვის უფლებების და ბენეფიტების ფართოდ გამოყენების შესაძლობლობა მიეცეს.
აღნიშნულ პროექტს დღეს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს.