მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სპორტსმენებისა და ფიტნეს-ინსტრუქტორების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ფიტნეს დარბაზების გახსნას და აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას მოითხოვენ.
ისინი აღნიშნავენ, რომ დაწესებული შეზღუდვებისა და ფიტნეს-დარბაზების დახურვის გამო, შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
„აქ იმიტომ ვართ შეკრებილები, რომ სპორტდარბაზის დაკეტვის გამო, უმუშევრად დავრჩით. ადგილი, სადაც ჯანსაღი ცხოვრების წესია, სადაც იმუნიტეტს ვიძლიერებთ, დახურულია. ვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ გაიხსნას ფიტნეს დარბაზები და ხელისუფლებამ ყურადღება მოგვაქციოს. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრა გვინდა, რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ იმის თაობაზე, თუ როდის გავიხსნებით. ადამიანები შემოსავლის გარეშე ვართ დარჩენილი“,-განაცხადა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი ვასაძემ.