სერგი კაპანაძე - პოლიტიკური პატიმრების, ტყვეების, ტუსაღების  დაკავებით, მერე გათავისუფლებით, მერე კიდევ დაკავებით  ოპოზიციას აზრს ვერ შეაცვლევინებენ - შეთანხმება უნდა მოხდეს ახალ არჩევნებზე!

ჩვენ კონსტრუქციული წინადადება მივაწოდეთ ხელისუფლებას ახალ არჩევნებთან დაკავშირებით და ეს არის ის საკითხი, რომელზეც უნდა მოხდეს შეთანხმება, ამიტომ პოლიტიკური პატიმრების, ტყვეების, ტუსაღების ასე დაკავებით, მერე ისევ გათავისუფლებით, მერე კიდევ დაკავებით, ნამდვილად ვერ შეაცვლევინებენ ოპოზიციას თავის დამოკიდებულებას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ცვლის თუ არა ოპოზიციის გადაწყვეტილებაში რამეს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გათავისუფლება.

სერგი კაპანაძის განცხადებით, ის, რომ ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი გადადგა და ილიჩოვა და მელაშვილი გაათავისუფლა, კარგია, თუმცა მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის მიერ დაყენებული წინადადებები არ შესრულებულა, არც პოლიტმატიმრებთან და არც მთავარ საკითხთან - ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, ამიტომ გეგმების გადახედავა არ განიხილება.

„როგორც ტერორისტებთან არ არიან ხოლმე მოლაპარაკებაში, ისე არ ვაპირებთ, რომ ამნაირ თემებზე ვიყოთ მოლაპარაკებებში ხელისუფლებასთან. ჩვენ წინაპირობა დავაყენეთ, მათ შორის, იყო პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ყველა არ გაუთავისუფლებიათ. ამასთანავე, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა გაყალბებული არჩევნების გამო განმეორებითი არჩევნები, ამის მიზეზითაა ეს კრიზისი შექმნილი. ის, რომ ეს ნაბიჯი გადადგა ხელისუფლებამ, კარგია და ჩვენი პრინციპული პოზიციის შედეგია, ოღონდ აქვე არ დაგვავიწყდეს და ილუზიები არ გვქონდეს, რომ ეს დიდი წარმატებაა, იმიტომ, რომ თვითონ პროკურატურამ დაანონსა, რომ აპირებენ კიდევ ერთი ადამიანის დაკავებას, ზემოთ ეძებენ რაღაც კვალს ისეთ საქმეში, რომელშიც არანაირი, არც დანაშაული, არც მოტივი, არაფერი არ დგინდება და გაიჭედნენ მელაშვილთან და ილიჩოვასთან დაკავშირებით. რაღაც სულელური კადრები გამოქვეყნეს, რომლშიც, პირიქით, საპირისპირო ჩანს, რომ მელაშვილი რამეს კი არ აშავებდა, იცავდა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და ინტერესებს. ამ გაჭედილ მდგომარეობაში ხელისუფლება, რომელსაც ლეგიტიმაცია არ აქვს, ასე იქცევა, ეს არის ძალიან სამწუხარო,“ - განაცხადა კაპანაძემ.

კაპანაძის განმარტებით, მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ილიჩოვა-მელაშვილის გათავისუფლება საერთო ოპოზიციურ გეგმებს არ ცვლის, იზიარებს ის ძირითადი ოპოზიციური ძალა, რომელიც ყველანაირი საშუალებით პარლამენტში შესვლის მიზეზს არ ეძებს.

„მე შემიძლია თავს უფლება მივცე და გითხრათ, რომ ეს არის ოპოზიციის პოზიცია, ყველა იმ ოპოზიციური პარტიის, რომელიც რეალური ოპოზიციაა და არ აპირებს პარლამენტში შესვლას. რომელიმე უკვე ნაცნობი პერსონაჟებიდან, რომლებიც ხავსს ეჭიდებიან და ყველანაირად შესვლა უნდათ და რაღაცების გამო შეიძლება საბაბად გამოიყენონ ესეც, მათზე არ ვსაუბრობ, ბუნებრივია. მთავარი ოპოზიციური ძალა, ამის გამო, თავისი პოზიციის გადახედვას არ აპირებს, პირიქით, ეს გვაჩვენებს იმას, რომ ჩვენი მიდგომა იყო სწორი, პრინციპულად დგომა პრინციპულ საკითხებზე არის სწორი და ასე თუ მიაღწევ წარმატებას ხელისუფლებასთან. მათ აქვთ დრო, რომ გონს მოეგონ, თუ არადა, არაფერი ტრაგიკული ჩვენთვის არ მოხდება, იქნება ერთპარტიული პარლამენტი და ჩვენ საქმიანობას გავაგრძელებთ სხვანაირად. პარალელურად არაფერს დავაკლებთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვასა და არც ამ ქვეყნის წინ წასვლის ჩვენეული ხედვის განხორციელებას,“ - განაცხადა კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო