რამაზ საყვარელიძე - თუ გარეჯის საქმეში მაღალი თანამდებობის პირების ბრალეულობა არ დამტკიცდა, სახელმწიფო და სამართალდამცავი უწყებები საზოგადოების ნდობას დაკარგავენ

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, თუ დავით გარეჯის საქმეში მაღალი თანამდებობის პირების ბრალეულობის საკითხი არ დამტკიცდება, სახელმწიფო და სამართალდამცავი უწყებები წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდებიან და ისინი საზოგადოების ნდობას დაკარგავენ.

როგორც საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, გამოძიება სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან მივა.

„არის მსჯელობა ინტენსიური და სავსებით ბუნებრივი და ამ მსჯელობაში იკვეთება ორი ვარიანტი - თუ მელაშვილი და ილიჩოვა თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან და გამოძიებამ საპასუხო ნაბიჯი გადადგა იმით, რომ მათ გირაოთი შეუცვლა პატიმრობა, მაშინ ლოგიკა იკითხება ასეთ ნაბიჯში. იმდენად, რამდენადაც გავრცელებული პრაქტიკაა, რომ ვინც გამოძიებასთან თანამშრომლობს, მისთვის გამოძიება გარკვეულ დათმობებს აკეთებს. პროკურატურამ ახსენა კიდეც, რომ ისინი გავიდნენ სხვა პირებზე, ამდენად ამ საქმის მსვლელობაში კითხვის ნიშნები მოიხსნა და ეს კითხვის ნიშნები სხვა პირებთან არის დაკავშირებული. თუკი პროკურატურის განცხადებებს გავყვებით, ლოგიკა ამ საქციელში არის. მაგრამ თუ თვითონ მელაშვილის განცხადებებს ვირწმუნებთ და ის ამბობს, რომ თანამშრომლობა არ მომხდარა და აგრძელებს ადრინდელ პოზიციაზე ყოფნას, მაშინ ეს ნაბიჯი რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია. რადგან თუ ვინმე დგება ამ ნაბიჯით დარტყმის ქვეშ, ეს პირველ რიგში სახელმწიფო სტრუქტურებია. მათ მიერ ომახიანად დაწყებული ეს საქმე თუ დამთავრდება პრაქტიკულად უშედეგოდ, ისევ და ისევ დაიკარგება რწმენა იმაში, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებს უნდათ ჭეშმარიტების დადგენა ან შეუძლიათ ჭეშმარიტების დადგენა. ეს დამოკიდებულება სამართალდამცავი უწყებების და სახელმწიფოს მიმართ წამგებიან მდგომარეობაში აყენებს სახელმწიფოს.

ვიცით, რომ ასევე არსებობს ე.წ. ელისაშვილის პოზიცია, რადგან ისინი ითხოვდნენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და მათ რიგში მოიაზრებდნენ ილიჩოვა-მელაშვილს, ამიტომ გადაიდგა ეს ნაბიჯიო. ეს ვერსია თუ მართალი აღმოჩნდება, ასევე საზოგადოების დიდ ნაწილში ის კრიტიკას დაიმსახურებს, რადგან საქართველოს ტერიტორიების პრობლემა არ შეიძლება იყოს ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან გარიგებების საგანი, მითუმეტეს, როცა ეს პოლიტიკური ჯგუფი დიდი მნიშვნელობის მატარებელი ქართულ პოლიტიკაში არ არის. ამიტომ ჯერჯერობით ორი ვერსიით მიდის ეს საქმე. გააჩნია რა გამოვლინდება საქმის შემდგომ მსვლელობაში, მხოლოდ ამ ერთი ნაბიჯით ორივე ვერსია შეიძლება იგულისხმო, დიდი ნდობა არც პროკურატურის მიმართ არის და არც ილიჩოვა-მელაშვილის განცხადებების მიმართ. ამიტომ ამ ეტაპზე დასკვნის გაკეთება ჯერ ნაადრევია“, - განაცხადა საყვარელიძემ და დასძინა, რომ მაინც სასურველია ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს.

„ჩემი შეხედულებით, მაინც სასურველია, რომ შევიდნენ პარლამენტში იმიტომ, რომ საპარლამენტო ცხოვრებისკენ გადაინაცვლოს პოლიტიკური პროცესების ცენტრმა ზოგადად ამ კონკრეტული შემთხვევის გარეშეც. ეს შემთხვევაც თუ რაიმე როლს შეასრულებს ასეთ გადანაცვლებაში, უნდა შეასრულოს და დროთა განმავლობაში გაირკვევა სიმართლე“, - განაცხადა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, „სასურველია გამოძიებამ აზერბაიჯანთან იმუშაოს და საგამოძიებო პროცესი მათკენაც გადავიდეს, ისე ძნელი იქნება რაიმეზე მსჯელობა“.

„თუკი ზემდგომ პირებზე გადავა დანაშაული და სავარაუდოა, რომ ილიჩოვა- მელაშვილის დონეზე ეს საკითხი არ გადაწყდებოდა, რა თქმა უნდა, სააკაშვილის დონეზე გავა იმიტომ, რომ გვახსოვს სააკაშვილი ლამის კონცერტზე რა უნდა ჩაეცვა ამა თუ იმ მომღერალს, მაგ საქმეში ერეოდა და პრაქტიკულად, გამორიცხულად მიიჩნევს საზოგადოების დიდი ნაწილი, რომ ამ ტიპის საქმე მომხდარიყო ისე, რომ გადაწყვეტილება არ მიეღო სახელმწიფოს პირველ პირს, მითუმეტეს, როცა ეს პირი საკმაოდ აქტიური იყო ყველა გადაწვეტილების მიღებაში“, - განაცხადა საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გუშინ გაათავისუფლეს. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000 - 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა. ამასთან, სასამართლომ ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მელაშვილმა და ილიჩოვამ გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა