ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ქართული მხარის ინიციატივით, რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იმსჯელეს

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ქართული მხარის ინიციატივით, რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ქეთევან ციხელაშვილმა საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების თაობაზე, რომელმაც რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ მასობრივ დანაშაულებებზე დაადგინა.

უწყების ცნობით, ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა ადამიანის ისეთი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის თაობაზე, როგორიცაა: სიცოცხლის უფლების ხელყოფა, წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა, მიმოსვლის თავისუფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობა და საკუთრების უფლება.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი და ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე. შესაბამისად, რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა ყველა იმ დარღვევაზე, რაც სასამართლომ დაადგინა.

„ელჩ-მა აღნიშნა, რომ სასამართლოს განჩინებაში ასახული დარღვევები ადასტურებს, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ქართველთა ეთნიკურ წმენდაზე, იმ პირობებში, როდესაც ხდებოდა ქართული სოფლების მიზანმიმართულად გადაწვა, ქართველთა სახლების ძარცვა და განადგურება და ასევე, იმ ვითარებაში, როდესაც იძულებით გადაადგილებულ პირებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილების საკითხზე განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, კანადის, აშშ-ის, უკრაინისა და გაერთიანებული სამეფოს დელეგაციებმა. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას და გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დელეგაციებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო