მამუკა მდინარაძე - მოვუწოდებ დანარჩენ ოპოზიციას, ან შემოუერთდნენ ამ დოკუმენტს ან მათ მოუწევთ ახსნა, რის გამო არ უერთდებიან, რადგან პრაქტიკულად მათ უკვე არგუმენტები აღარ რჩებათ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ოპოზიციის იმ ნაწილს, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, მოუწოდებს დღევანდელ შეთანხმებას შეუერთდნენ, რომელიც პარტია “მოქალაქეებთან“ გაფორმდა.

როგორც მდინარაძე განმარტავს, დოკუმენტში ის საკითხებია დაყენებული, რასაც თავად ოპოზიცია ითხოვდა, მათ შორის, საუბარია 3%-იან ბარიერზე.

„დოკუმენტი, რომელზეც დღეს ხელი ორი პარტიის მხრიდან მოეწერა, ღიაა ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა და დღეს მათი წარმომადგენლები ირიცხებიან საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში, ისინი არიან დეპუტატები, ვიდრე მათ უფლებამოსილება შეუწყდებათ და მათ აქვთ საშუალება, რომ ამ დოკუმენტს შემოუერთდნენ. ეუთო/ოდირის რეკომენდაციებიდან დაწყებული, მათ მიერ დაყენებული საკითხებით გაგრძელებული, მაგალითად, როგორიც არის, ნულიდან 3%-იან ბარიერამდე მსჯელობა, ანუ ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ 4 და 5%-იან ბარიერის ფარგლებში არ ვიმსჯელებთ, იქნება მსჯელობა მხოლოდ ნულიდან 3%-მდე, ანუ 3%-იანი უკვე გარანტიაა, დანარჩენი უკვე მოლაპარაკებების და კონსულტაციების შედეგად შეიძლება გადაწყდეს იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას მიიღებს იმდენი დეპუტატი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები შესაძლებელია განხორციელდეს“, - აცხადებს მდინარაძე.

მისივე თქმით, თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა, მათივე მონაწილეობით კომისია შეიქმნება და დადგინდება ჰქონდა თუ არა, არჩევნებზე გაყალბებას, გადაცდომას, ხარვეზს ადგილი.

„რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, რომელთა წარმომადგენლებიც ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში ირიცხებიან, მათ მოვუწოდებ, ან შემოუერთდნენ ამ დოკუმენტს, ან მათ მოუწევთ ახსნა, რის გამო არ უერთდებიან ამ დოკუმენტს, რადგან პრაქტიკულად მათ უკვე არგუმენტები აღარ რჩებათ. ასევე ვტოვებთ პირობას, საჯაროდ, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თუ შემოვლენ, შეიქმნება კომისია, მათივე მონაწილეობით დადგინდება ჰქონდა თუ არა, გაყალბებას, გადაცდომას, ხარვეზს ადგილი. თუ ამ ხარვეზებმაც კი 1%-იანი სარგებელი მოუტანა „ქართულ ოცნებას“ ჩვენ თანახმა ვართ, ჩავატაროთ ახალი არჩევნები, ისინი დარწმუნებული ვარ, იძულებული გახდებიან, ამ საკითხზე განმარტებები კიდევ ერთხელ გააკეთონ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს