გრიგოლ გეგელია - “ლელო” განაგრძობს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის აქტიურ დაკვირვებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ქართველი ხალხი იყოს ინფორმირებული ჩვენი გეოპოლიტიკური კურსის თაობაზე

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრი გრიგოლ გეგელია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის შემაჯამებელ განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ განცხადებებმა დაადასტურა, რომ „კავკასიური ექვსეულის“ წევრობის საკითხი მართლაც იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი ორმხრივი შეხვედრისას. როგორც გეგელიამ აღნიშნა, რომ არა „ლელოს“ პროაქტიული პოზიცია და ზეწოლა საგარეო საქმეთა სამინისტროზე, ამ საკითხზე კვლავ გაგრძელდებოდა სამინისტროს სამთვიანი დუმილი და შედეგად ქართველი ხალხი არ იქნებოდა ინფორმირებული იმის თაობაზე, თუ როგორია საქართველოს ოფიციალური პოზიცია „ექვსეულის ფორმატზე“.

„სავალალოა, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს, სტრატეგიულ საკითხებზე არ არსებობს, ფაქტობრივად, არავითარი კომუნიკაცია მმართველ ელიტასა და ქართველ საზოგადოებას შორის და რომ არა თითოეული ჩვენგანის სწორი სამოქალაქო და პოლიტიკური შემართება, ხშირ შემთხვევაში, ვერაფერს შევიტყობდით ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე, რომელთაც პირდაპირი გავლენა აქვს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მომავალზე. სწორედ ასეთია, „კავკასიური ექვსეულიც“.

ამასთანავე, საზოგადოებისთვის კვლავ ბუნდოვანი რჩება, კონკრეტულად რას გულისხმობს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ირანელ მინისტრთან საუბრის შემდეგ გაჟღრებული “ახალი მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, რომელთა გამოყენებაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას“. პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, რომ ამ სიტყვებს თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფონზე, როდესაც ოფიციალური რუსეთი ცხადად საუბრობს რეგიონის შემდგომ ეკონომიკურ ინტეგრირებაზე, რაც სხვა სიტყვებით გულისხმობს რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესებისთვის ხელსაყრელი ორბიტის შექმნას,“- განაცხადა გეგელიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხსა და დასავლელ პარტნიორებს მიეწოდოს ზუსტი ინფორმაცია ნებისმიერ ახალ ინიციატივასა და იმ ახალი შესაძლებლობების გამოყენების გზებზე, რაზეც მმართველი ჯგუფი საუბრობს, განსაკუთრებით როდესაც ამგვარი ახალი გზების ათვისება „ფაქიზ გეოპოლიტიკურ არჩევანს გულისხმობს“.

“ლელო საქართველოსთვის” განაგრძობს რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესებისა და საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის აქტიურ დაკვირვებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ხელისუფლების მალული პოლიტიკის პირობებში ქართველი ხალხი იყოს ზედმიწევნით ინფორმირებული თავისი ქვეყნის მომავლისა და ჩვენი გეოპოლიტიკური კურსის თაობაზე,“- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მისულმა გრიგლ გეგელიამ და „ლელოს“ სხვა წევრებმა უწყებას მოუწოდეს, განემარტათ ოფიციალური პოზიცია „კავკასიურ ექვსეულთან“ დაკავშირებით და იმაზე, განიხილება თუ არა საქართველოს მსგავს ფორმატში გაწევრიანება.

გეგელიას ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმ სახელმწიფოებს სტუმრობდა, რომლებიც ცოტა ხნის წინ დაანონსებულ „კავკასიური ექვსეულის“ წევრებად მოიაზრებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო