ანა ნაცვლიშვილი - მხოლოდ იმ წინადადებებზე შეიძლება მსჯელობა, რომლებსაც პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის რესურსი აქვს და რაღაც ჩამნაცვლებლებს და ტკივილგამაყუჩებლებს ხელს არ მოვაწერთ

არ აქვს ამ მემორანდუმს იმის რესურსი, რომ ის დანახული იქნეს როგორც პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობა,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა. მისი თქმით, „ლელო“ ხელს არ მოაწერს ჩამნაცვლებლისა და ტკივილგამაყუჩებლის ფუნქციის შემსრულებელ მემორანდუმს, რომელსაც არსებული ვითარების შეცვლა არ შეუძლია. როგორც ნაცვლიშვილმა განაცხადა, მხოლოდ ამ ფორმატში და მხოლოდ იმ წინადადებებზე შეიძლება მსჯელობა, რომელსაც რეალურად პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის რესურსი აქვს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მემორანდუმს არ განვიხილავთ და არ აქვს ამ მემორანდუმს იმის რესურსი, რომ ის დანახული იქნეს როგორც პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობა. რიგ შემთხვევებში, საკითხის ისე წარმოჩენა, თითქოს ორმა ან სამმა ჯგუფმა იჩხუბა და ახლა ვიღაცამ ისინი უნდა შეარიგოს, ეს არის ამ არსებული რეალობის აბსოლუტურად არასწორად წარმოჩენის მცდელობა. ვინმეს ვინმესთან პირადი წინააღმდეგობა და უთანხმოება კი არ აქვს. ჩვენ ვამბობთ, რომ კრიზისი წარმოქმნა არჩევნების მიტაცებამ, როდესაც არჩევნებს დაეკარგა აზრი, ამიტომ, არჩევნებს რომ დაუბრუნდეს აზრი, ის უნდა ჩატარდეს სამართლიანად. შეიცვალოს არჩევნების ჩატარების წესები, მაგრამ ახალი არჩევნები თუ არ ჩატარდა, მარტო წესების ცვლილება ვერ განმუხტავს ამ კრიზისს და ეს არის ახლა რაღაც ტკივილგამაყუჩებლის ძიება, ნაცვლად იმისა, რომ ვუმკურნალოთ პოლიტიკურ კრიზისს.

ჩვენ არ ავმდგარვართ ამ მაგიდიდან, რაც არის ფასილიტატორების ჩართულობით შექმნილი ფორმატი, რომლის ფარგლებშიც დიდი რესურსი ჩადო „ლელომ“. ჩვენ სხვადასხვა ალტერნატივა შევთავაზეთ ხელისუფლებას, ეს იყო ვადამდელი არჩევნები, იყო პლებისციტი, იყო 2022-ზე საუბარი. ვერც ერთზე ხელისუფლების მხრიდან, ამ ფორმატის ფარგლებში, ვერც პასუხი მივიღეთ და ვერც არგუმენტი, რატომ არა. არ არსებობს მსოფლიოში არგუმენტი, სადაც დემოკრატიულად რომ მიიჩნევს თავს ხელისუფლება, გაამართლებს, თუ რატომ შეიძლება უარი ვთქვათ, რომ ხალხს ვკითხოთ აზრი ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ამ ფორმატში და მხოლოდ იმ წინადადებებზე შეიძლება მსჯელობა, რომლებსაც რეალურად პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის რესურსი აქვს და რაღაც ჩამნაცვლებლებს და ტკივილგამაყუჩებლებს ჩვენ, რა თქმა უნდა, ხელს არ მოვაწერთ,“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ორი წევრი ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედის. „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ტექსტში ნათქვამია, რომ ხელმომწერი პარტიები თანხმდებიან ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს