„ნაციონალურმა მოძრაობამ" გუნდის ახალი წევრები წარადგინა

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" გუნდის ახალი წევრები წარადგინა. განახლებული გუნდი პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დაასახელა.

პარტიას 12 ახალი წევრი შეუერთდა, ესენი არიან: გიორგი ჩალაძე, ნონა მამულაშვილი, ნიკა ობოლაძე, გიორგი თარგამაძე, რეზო ჩომახიძე, სოფო ჯაფარიძე, მანუჩარ ახალაია, ბარბარა ჯიმელი, ანა გოგოლაძე, ზვიად ქვლივიძე, ბაჩო დოლიძე, გიორგი ხვედელიანი.

ნიკა მელიამ გუნდის ახალ წევრის საერთაშორისო პოლიტოლოგიის მაგისტრის, ბარბარა ჯიმელი - სულაშვილის წარდგენისას აღნიშნა, რომ სურს, საქართველო შვეიცარიის დონის სახელმწიფო გახდეს.

„შვეიცარიელი, რომელიც 2007 წლიდან ცხოვრობს საქართველოში, არის საქართველოს მოქალაქე და ცხოვრობს ოჯახთან ერთად, ჩვენს ქვეყანას უზრდის 4 შვილს. ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ქმნის ევროპული ტიპის საგანმანათლებლო სივრცეებს ჩვენს საყვარელ საქართველოში. ძალიან მინდა ბარბარა, რომ საქართველო შვეიცარიის დონის სახელმწიფო გახდეს“,-განაცხადა მელიამ.

მან გუნდის ახალ წევრად ასევე წარადგინა სპორტსმენი რეზო ჩომახიძე.

რეზო ჩომახიძე- საქართველოს წარმატებისა და გამარჯვების სიმბოლო მსოფლიოში და გადაჭარბების გარეშე უნდა ვთქვა, რომ რეზო ჩომახიძე არის ცოცხალი ლეგენდა ქართული სპორტის. ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვინც რეზო ჩომახიძის გუნდში ყოფნას არ ინატრებდა და ძალიან მიხარია, რომ რეზო ჩომახიძე დღეიდან იქნება ამ მნიშვნელოვანი გუნდის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი.

ანა გოგოლაძე - ადამიანი, რომელიც ჩემთვის არის პერსონიფიკაცია განათლების და კვალიფიკაციის. მიხარია, რომ ჩვენი განახლებული გუნდის ფარგლებში, ანას ეძლევა შესაძლებლობა, შექმნას ახალი შესაძლებლობები, ახალი პლატფორმა, რომელზეც დაშენდება და დაპროექტდება ახალი საქართველო. ამაში, როგორც არასდროს ისე ვარ დარწმუნებული, რადგან ძალიან კარგად ვიცი მისი შესაძლებლობები.

ეკონომიკა კრიზისშია ყველა თვალსაზრისით. არ არსებობს ეკონომიკის არც ერთი დარგი, რომელიც არათუ არ დაზიანდა, არამედ მთლიანად განადგურდა, რასაც საქართველოს ყველა მოქალაქე საკუთარ თავზე გრძნობს.

ნონა მამულაშვილი - უმსხვილეს სეართაშორისო კომპანიებში მუშაობდა მათი ინვესტიციების დაცვის კუთხით.

ზვიად ქვლივიძეს - საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით.

გიორგი თარგამაძეს - აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა.

ოკუპირებული ტერიტორიები და დევნილთა პრობლემები საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. ბოლოს და ბოლოს, ღირსების საკითხია, რომ დევნილთა სრულად დაბრუნებამდე, მათი პრობლემები დროულად გადაიჭრას და მათ შორის არის ის ადამიანი, რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცის თუ რა სჭირდება დღეს დევნილს და როგორ შეიძლება მათი ძალიან ბევრი პრობლემის გადაჭრა. ეს ადამიანი არის - მანუჩარ ახალაია.

გიორგი ჩალაძე - ადამიანი, რომელიც გამოირჩევა არაჩვეულებრივი უნარით, მიიღოს კრიტიკულ ვითარებაში ძალიან სწორი გადაწყვეტილება, რაც მას არაერთხელ დაუმტკიცებია. ადამიანი, რომელსაც აქვს დიდი მენეჯერული გამოცდილება და ზუსტად იცის, როგორ უნდა გადაჭრას არაერთი უმწვავესი პრობლემა უმოკლეს ვადებში.

ნიკა ობოლაძე - ადამიანი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ფასდაუდებელ როლს ითამაშებს ახალი ქართული პოლიტიკის ფორმირების პროცესში.

ბაჩო დოლიძე - ჩემი დიდი ხნის მეგობარი და თანამებრძოლი, რომელიც უკვე ბრძოლის წინა ხაზზე დგება და მჯერა, რომ ის ჩვენთან ერთად ახალი გუნდის ფარგლებში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევს.

გიორგი ხვედელიანი - ჩვენი გუნდის ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი წევრი. ადამიანი, რომლის ხედვები, პოლიტიკური პროცესის, ეკონომიკის, განათლების და განვითარების მიმართულებით ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. რაც ყველაზე მთავარია, ძალიან თანამედროვეა“,-განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, ახალი „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, ყველაზე ეფექტურად მოემსახურო ქვეყნის მოქალაქეს.

"ახალ გადაწყვეტილებებს, ახალ ხედვებს აუცილებლად სჭირდება ახალი ადამიანები. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს გუნდს განახლების წარმოუდგენელი უნარი აღმოაჩნდა. ჩვენს გუნდს უერთდება უკვე არაერთი წარმატებული ადამიანი, რომელმაც თავის სფეროში წარმატებას მიაღწია, მაგრამ დღეს ისინი მოდიან პოლიტიკაში იმისთვის, რომ ემსახურონ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეს, საკუთარ ქვეყანას. თავმდაბლობის გარეშე მსურს ვთქვა, რომ ახალი „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, ყველაზე ეფექტურად მოემსახურო შენი ქვეყნის მოქალაქეს" ,- აღნიშნა მელიამ.

შეგახსენებთ, პარტიამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2020 წლის 27 დეკემბერს ყრილობა გამართა. ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარედ ნიკა მელია ოფიციალურად აირჩიეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს