მაიკლ გალერი - ვისურვებდი, საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთოს მაშინ, როცა ყველაფერ იმას გააკეთებს, რაც გასაკეთებელი აქვს - ამჟამად, სამწუხაროდ, ამ წერტილამდე ჯერ ნამდვილად არ მისულხართ

ევროპული სახალხო პარტიის საგარეო საქმეთა წარმომადგენელი, ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი მიიჩნევს, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი მაშინ უნდა გააკეთოს, როცა ყველაფერ იმას გააკეთებს, რაც გასაკეთებელი აქვს.

როგორც ევროპარლამენტარმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, საქართველო ამ წერტილამდე ჯერ ნამდვილად არ მისულა.

„ჩვენ თანამშრომლობის ფარგლებში დადებული შეთანხმებების შესრულებას ვითხოვთ, რომელიც კარგ მმართველობას და დემოკრატიულ მოწყობას ეხება. შესაბამისად, სამიტისას ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის შესახებ დეტალურ შეფასებებს ვაკეთებთ. რაც გასაკრიტიკებელი იქნება გავაკრიტიკებთ, ხოლო ის, რაც მისაღებია - მიღებული იქნება, თუმცა, საერთო ჯამში, იმას, რაზეც საქართველოსთან შევთანხმდით, დიდი გზა აქვს გასავლელი და ეს თქვენი შესასრულებელია. ჩვენი მხრიდან, ევროკავშირის მხრიდან, ჩვენ მეტი გვაქვს შესათავაზებელი - არ უნდა ვთქვათ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის გასული 10 წელი არის ის, რაც მომდევნო 10 წლის განმავლობაში უნდა ვნახოთ - არა, მეტია საჭირო, უფრო ამბიციური დღის წესრიგი, თანამშრომლობის ახალი მიმართულებები, იმისთვის, რომ ევროკავშირის პროგრამებსა და კოოპერაციის შესაძლებლობებში ჩაერთოთ. რაღაც მომენტში ვისურვებდი, რომ საქართველომ წევრობაზე განაცხადი გააკეთოს მაშინ, როცა ყველაფერ იმას გააკეთებს, რაც გასაკეთებელი აქვს, თუმცა ამჟამად, სამწუხაროდ, ამ წერტილამდე ჯერ ნამდვილად არ მისულხართ. მე ვხედავ, რომ ამ მიმართულებით პოლიტიკაში ნამდვილი კონსენსუსია. სამოქალაქო საზოგადოებაშიც - იქ ბევრი ადამიანია, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებიც ამ მიმართულებით აქტიურობენ. შესაბამისად, მომავალი ოპტიმიზმითაა სავსე, მაგრამ ამჟამად, პოლიტიკური პოლარიზაცია იმისკენ არ მიანიშნებს, რომ ქვეყანა ნამდვილად სწორ კურსზეა - მიმდინარე შიდა მღელვარების გამო“, - განაცხადა მაიკლ გალერიმ.

რაც შეეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის მომდევნო სამიტს, რომელიც მარტში უნდა შედგეს, მაიკლ გალერი აღნიშნავს, რომ პირველ რიგში, სამიტი იმას შეაფასებს თუ სად ვიმყოფებით ახლა.

„ჩვენ 6 პარტნიორი სახელმწიფო გვყავს, სადაც მდგომარეობა სხვადასხვაგვარია. ბელარუსში ოპოზიცია დიქტატორის წინააღმდეგ იბრძვის; სამწუხაროდ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი ვიხილეთ და შედეგად ჩვენ ახლა მასზე კონცენტრირება გვჭირდება. ჩვენ აქ ერთ-ერთი აქტორი ვართ, მაგრამ არა მთავარი. ამის მიუხედავად, საჭიროა, რომ ჩვენ მათ დიალოგის შესაძლებლობების მთელი სპექტრი შევთავაზოთ და რეკონსტრუქციაში დავეხმაროთ. ვფიქრობ, პოზიტიური როლის შესრულება შეგვიძლია, რადგან ავტომატურად რომელიმე მხარის პოზიციას არ ვიკავებთ - სამართლიან შუამავლად ვითვლებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ხალხზე ვართ კონცენტრირებული - ლტოლვილები არ გვსურს, არ გვინდა, რომ ხალხს აძევებდნენ - გვურს, რომ ადამიანებმა იქ დაბრუნება შეძლონ, სადაც მათ ეს ეკუთვნით. ამისთვის ნდობაა საჭირო. ვფიქრობ, თუ მხოლოდ რუსეთი და თურქეთი იქნებიან მსხვილი მოთამაშეები, ეს რეგიონს არ წაადგება - არც ხალხს, რომელსაც ეს ვითარება შეეხო და არც პირდაპირ მეზობლებს, როგორიც საქართველოა - შესაბამისად, ჩვენი მხრიდან მათ კონსტრუქციული ჩართულობა უნდა შევთავაზოთ.

ამას გარდა, ჩვენ გვყავს 3 სახელმწიფო, რომლებმაც, ასე რომ ვთქვათ - სავსე თეფში აირჩიეს - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება და ასოცირების ხელშეკრულება - ეს ქვეყნები უკრაინა, საქართველო და მოლდოვა არიან. ამჟამად, ოპტიმისტურად ვართ განწყობილები - არჩევნების შემდგომ, მოლდოვის პრეზიდენტი მკვეთრად პროევროპული მაია სანდუ გახდა და იმედია, საპარლამენტო არჩევნებიც არ დააყოვნებს, რადგან მოლდოვაში პრეზიდენტი წარმომადგენლობითი ფიგურაა და არა აღმასრულებელი. ამიტომ, მომუშავე მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობაა საჭირო - იმედი მაქვს, ის პროევროპული იქნება. უკრაინაში ჩვენ ვიხილეთ, რომ ძველი ძალები შეტევაზე გადმოდიან და რეფორმების სრული პაკეტის ჩაგდებას ცდილობენ - ეს რეალური საფრთხეა, მაგრამ გვჯერა, რომ უკრაინაში არსებობენ ძალები, რომელთაც მხარს ევროპული განვითარების მომხრეები უჭერენ და რომლებიც შეძლებენ, რომ რეფორმების კურსს არ გადაუხვიონ.

რაც შეეხება საქართველოს, ევროკავშირმა გასულ წელს, პოლიტიკური შფოთების დროს, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა. მათ ადგილზე მოლაპარაკებებისა და მედიაციის სახით სხვადასხვა პოლიტიკური ძალა მაგიდის ირგვლივ შეკრიბეს და შეთანხმების მიღწევა შეძლეს. მესმის, რომ სამწუხაროდ, არჩევნების შემდეგ შექმნილი უხერხული სიტუაცია კვლავ გრძელდება. მიუხედავად იმისა, იყო თუ არა თანაბარი გარემო - ყველა ქვეყანაში, საქართველოს ჩათვლით, ყოველთვის ყველას მოვუწოდებ, რომ პარლამენტში ადგილები დაიკავონ. თუ არჩევნების გაკრიტიკება გსურს, ამის გაკეთება საპარლამენტო სცენიდან, სესიაზე მიკროფონით უფრო რელევანტურია. და მაინც, ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც კომფორტული უმრავლესობა აქვს. როდესაც არჩევნებზეა საუბარი, თუ როგორ ჩატარდა ის, ყოველთვის ვამბობ, რომ არაერთ არჩევნებს დავკვირვებივარ, ბოლოს საქართველოშიც (2020-ს არ ვგულისხმობ), არჩევნები მთლიანი პროცესია, სამართლებრივი მოწყობით, მომზადებით, ის მხოლოდ საარჩევნო დღე არ არის, ან ის თუ რამდენად სწორად ითვლიან ხმებს, ან არიან თუ არა საარჩევნო უბნებთან ხალხი, რომლებიც დამაშინებლად გამოიყურებიან. მე ეს ადრეც მინახავს და ჩვენ ეს ახლაც ვნახეთ. ეს ცუდი ჩვევებია, ამ რეალობის წინაში ამომრჩევლები არ უნდა იდგნენ“, - განაცხადა გალერიმ ინტერვიუში.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა