ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციების შეფასებით, ნარკოტიკული საშუალებების დოზებთან დაკავშირებული ცვლილებები პრობლემას ვერ აგვარებს

ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციების შეფასებით, ნარკოტიკული საშუალებების დოზებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები პრობლემას რეალურად ვერ აგვარებს და ნარკოტიკების მომხარებლები კვლავ სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ რჩებიან.

დისკუსია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე გაიმართა, სადაც “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს. პროექტით, რვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები ხელახლა განისაზღვრება და შესაბამისი ცვლილებები მათ დოზათა ნუსხაში ხორციელდება.

საკანონმდებლო ცვლილებებით მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები გაიწერება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორიცაა: ამფეტამინი, დეზომორფინი (ე.წ. კრაკადილი), ლიზელგინის მჟავა (ლსდ), მდმა (ე.წ. ექსტაზი), ეფედრონი-მეტკათინონი, მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი. როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, გაუგებარია, რა პრინციპით განისაზღვრა მოხმარების ერთჯერადი დოზა, რადგან ნარკოტიკების რეგულარული მომხარებელი მეტ დოზას მოიხმარს, ვიდრე პროექტით არის წარმოდგენილი. მათი თქმით, პროექტით შესაძლოა სისხლის სამართლის სასჯელს მხოლოდ დამწყები მომხმარებელი ასცდეს, მაგრამ რეგულარული მომხმარებლები კვლავ ციხეში წავლენ. “არ ვიცით, ვისზე მოახდენს გავლენას, ვის შეუმსუბუქდება ან ვის აღარ დაიჭერენ აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ“, - ითქვა საკომიტეტო განხილვისას.

პროექტის ავტორთა განმარტებით, აღნიშნული რვა ნივთიერება შეირჩა პრაქტიკაში მათი განსაკუთრებული დიდი სიხშირით გავრცელებისა და მოხმარების ფაქტიდან გამომდინარე, ხოლო ოდენობების განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული აღნიშნულ ნივთიერებათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საზიანო შედეგები. ოდენობის საზომად აღებულ იქნა ნარკოტიკის ეპიზოდური მომხმარებლის მიერ მოხმარებულ ერთ დოზაზე მეტი ოდენობა, რომლის დათვლა თითოეული ნივთიერების შემთხვევაში ხდება სუფთა სუბსტანციის სახით. “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით სერგეენკო, ალუდა ღუდუშაური, დიმიტრი ხუნდაძე და ლადო კახაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა