“ლელოს” წევრი ჩხოროწყუში, სკოლის მოსწავლეებთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთი რამ პირველად არ ხდება

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" წევრი და სამეგრელოში მაჟორიტარობის კანდიდატი, თამარ ბელქანია ჩხოროწყუში, სკოლის მოსწავლეებთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთი რამ ჩხოროწყუში პირველად არ ხდება.

თამარ ბელქანიას განცხადებით, პრობლემა ისაა, რომ პირველ ჯერზე მომხდარი საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა.

"შრომა არასდროს არის დამამცირებელი, მაგრამ პანდემიის პირობებში, როდესაც ხელისუფლება სასწავლო პროცესის აღდგენაშიც კი დიდ რისკს ხედავს, ამორჩევით მოზარდების წაყვანა და იძულებით საქმიანობაში ჩართვა სრულიად მიუღებელია. უფრო ცუდია, როდესაც ეს სკოლის დირექტორთან შეთანხმებით ხდება, რომელმაც, სავარაუდოდ, უბრალოდ უარი ვერ თქვა. აქ უკვე მეორე პლანზე გადადის დასუფთავების სამსახურის დანაშაული, რომელმაც "მუშახელი" ოთხი მეშვიდეკლასელი მოზარდის სახით იშოვა. განათლების სისტემაში სისტემური პრობლემებია. დირექტორი ვერ იცავს მოზარდს, რატომ? იმიტომ, რომ მოსალოდნელი რეპრესიის ეშინია. დღეს სკოლა მმართველი პარტიის სამსახურადაა ქცეული, რომელსაც ხან არჩევნებში ხმების მობილიზაციისათვის იყენებენ, ხანაც დასუფთავებაში. სკოლის დირექტორი დაშინებულია, პედაგოგი ხმების მობილიზებაზე მუშაობს, მოსწავლეები სრულფასოვნად სკოლაში ვერ დადიან, თუმცა მერიას თუ დასჭირდა, ტუალეტებსაც გაახეხინებენ. აქედან ჩანს ხელისუფლების რეალური დამოკიდებულება სკოლისადმი. განათლების პრიორიტეტულობა ფიქციაა. დაშინებული სკოლა კი თავისუფალ მოქალაქეს ნამდვილად ვერ აღზრდის”,- განაცხადა თამარ ბელქანიამ.

ცნობისთვის, ჩხოროწყუს მერიის შენობაში, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებმა საგაკვეთილო პროცესის შემდეგ საპირფარეშო დაასუფთავეს. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა. აღნიშნულ ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა