ვახტანგ მახარობლიშვილი - ამ მომენტისთვის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმართულებით 30% გვაქვს განხორციელებული

ამ მომენტისთვის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმართულებით 30% გვაქვს განხორციელებული, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რითაც დეპუტატ მარიამ ქვრივიშვილის შესაბამის კითხვას უპასუხა. მახარობლიშვილის თქმით, 2024 წლისთვის, როცა საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს გააკეთებს, ქვეყანას 60-65% ექნება იმპლემენტირებული, რაც მისი შეფასებით საკმაოდ კარგი საწყისი წერტილი იქნება. თუმცა, მახარობლიშვილი ვერ ამბობს, რა ვადა დასჭირდება საქართველოს 2024 წლიდან იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს.

„ზოგადად, რა თქმა უნდა, რთულია ციფრებში ასახვა ასოცირების შეთანხმების იმპემლემენტაციის მიმართულებით არსებული პროგრესის, რადგან ასოცირების შეთანხმება რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, მათ შორის საკანონმდებლო აპოქსიმაციას, პოლიტიკურ თემატიკას და განზომილებას, ასევე ინსტიტუციონალურ დაახლოებას, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ამ მომენტისთვის ჩვენ სადღაც 30%-მდე გვაქვს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია განხორციელებული და 2024 წლისთვის, პროცესის ეფექტურად განხორციელების პირობებში, ჩვენ გვექნება ალბათ დაახლოებით 60-65% ასოცირების შეთანხმების გადმოტანილი და ინგრირებული ჩვენს კანონმდებლობაში და ინსტიტუციონალურ მოწყობაში.

ეს ის პროცენტული მაჩვენებელია, რომელიც ნამდვილად საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ქართულმა მხარემ ოფიციალური განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის წევრობაზე. მინდა შეგახსენოთ, რომ 1995 წელს, როცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა გააკეთეს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, მათ შესაბამისი შეთანხმებები არც ჰქონდათ დადებული, თუმცაღა, სწორედ განაცხადის გაკეთების შემდეგ დადეს შესაბამისი შეთანხმებები და დაიწყეს იმპლემენტაციის პროცესი, რასაც დაახლოებით ათი წელიწადი მოანდომეს, შესაბამისად, რთულია იმის თქმა, თუ ცოტა შორს წავალ და ვიტყვი თუ რა დრო დასჭირდება განაცხადის გაკეთების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ მე იმის ხაზგასმა მინდოდა, რომ 2024 წელს თუ ჩვენ 60-65%-ის ჰარმონიზება გვექნება, საკმაოდ კარგი საწყისი წერტილი გვექნება პროცესების შემდგომი განვითარების,“- განაცხადა მახარობლიშვილმა.

შეგახსენებთ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილს უსმენენ, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშს წარუდგენს დეპუტატებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა