ნინო ბურჯანაძე - გავიხდი მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს, ჩავიცვამ დაბალქუსლიანს და თუ საჭიროა, ფეხშიშველი ვირბენ ჩემს ხალხთან ერთად

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თუ თვითმმართველობის არჩევნებამდე არაფერი შეიცვლება, მისი წინადადება ოპოზიციისადმი იქნება, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ.

როგორც ბურჯანაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ბოიკოტი თვითმიზანი არაა, თუმცა თუ ოპოზიცია ხელისუფლებას მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებინებს, თვითმმართველობის არჩევნებზე არ უნდა წავიდეს.

„ჩემი პოზიცია, რომელსაც ოპოზიციასაც გავუზიარებ, არის ის, რომ თუ არაფერი შეიცვალა თვითმმართველობის არჩევნებამდე, თუ ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ვადამდელი არჩევნები, თუ ჩვენ ვერ გავათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, თუ ჩვენ პრინციპულად ვერ შევცვალეთ საარჩევნო გარემო და იგივე გარემო იქნა არჩევნების ჩატარების, რაც იყო საპარლამენტო არჩევნების დროს, ჩვენ არ უნდა წავიდეთ თვითმმართველობის არჩევნებზე.

ბოიკოტი არ არის თვითმიზანი. თუ მოვახერხებთ, მოვიპოვოთ ვადამდელი არჩევნები და დავაკმაყოფილებინოთ ხელისუფლებას ის მოთხოვნები, რაც გვაქვს, ეს სხვა საქმეა, მაგრამ თუ არა, თვითმმართველობის არჩევნებზე არ უნდა წავიდეთ“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ამასთან, ბურჯანაძე ევროპარლამენტარების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქუჩაში დგომა არავის სიამოვნებს, თუმცა ოპოზიციას „სერიოზული საპროტესტო აქციების გამართვა მოუწევს“.

„რა თქმა უნდა, ჩემთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა სწორი აქცენტები გააკეთონ და უფრო ნათლად დაინახონ, რა პრობლემის წინაშე დგას საქართველო, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მოსახლეობის აზრს.

დასავლეთი 2003 წელსაც გვეუბნებოდა, დაანებეთ შევარდნაძეს თავი და შედით პარლამენტშიო, მაგრამ არ გავაკეთეთ ეს და სწორად მოვიქეცით იმიტომ, რომ ვინც რა უნდა ილაპარაკოს, 2003 წელი, ვარდების რევოლუცია და ის, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის წინ წასაყვანად. სამწუხაროდ, იყო შეცდომები, რომელმაც ძალიან დიდი ჩრდილი მიაყენა ამ წარმატებას, მაგრამ ქვეყანა წავიდა წინ.

მივმართავდით პირდაპირი მოლაპარაკების გზას ხელისუფლებასთან, მაგრამ თუ არჩევანი დგას იმაზე, ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს ქვეყნის ბატონ-პატრონი და უნდა გვიყიდოს ყველა, თუ ქუჩაში უნდა გავიდეთ, გავიხდი მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს, ჩავიცვამ დაბალქუსლიან ფეხსაცმელებს და თუ საჭიროა, ფეხშიშველი ვირბენ ჩემს ხალხთან ერთად, რომ როგორმე ეს ქვეყანა გადავარჩინო“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს