გიორგი ვაშაძე - თუ დავინახავ რეალურ კომპრომისულ წინადადებებს „ქართული ოცნების“ მხრიდან, მზად ვარ, განვიხილო ბოიკოტის შეწყვეტის საკითხი

თუ დავინახავ რეალურ კომპრომისულ, ხალხისთვის მისაღებ წინადადებებს „ქართული ოცნების“ მხრიდან, მზად ვარ, განვიხილო ბოიკოტის შეწყვეტის საკითხი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამაზე გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც „მეტი თავისუფლება - გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა.

კითხვაზე, იცოდა თუ არა გარკვეული ოპოზიციური პარტიების პოზიციის შესახებ, რომ მათი მოთხოვნების შესრულების შემთხვევაშიც კი პარლამენტში შესვლას არ აპირებდნენ, ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებზე მსგავსი საკითხი არ განუხილავთ და ამასთან, მის პარტიას ასეთი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

„ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ოთხივე პუნქტი შესრულდა, ამ შემთხვევაში შეგვიძლია განვიხილოთ ბოიკოტის საკითხი. ამაზე შეიძლება ვიმსჯელოთ, თუმცა საბოლოო პოზიცია ნამდვილად არ ჩამოგვიყალიბებია, რომ ამ შემთხვევაში ბოიკოტი მოიხსნება. მთავარი არის იმ 4 საკითხზე მსჯელობა და შემდეგ მსჯელობა ბოიკოტის თემასთან დაკავშირებით. როგორ გაგრძელდება ეს პროცესი, ახლა ამაზე საუბარი, შესაძლოა, აზრსმოკლებული იყოს, რადგან ხვალინდელ დღეზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, თუ „ქართული ოცნება“ კენჭს უყრის და შეწყვეტს მანდატებს, ეს ნიშნავს, რომ თეორიულადაც კი პარლამენტში 100-ზე ნაკლები დეპუტატი რჩება და შევსების ერთადერთი მექანიზმი რიგგარეშე არჩევნებია“,- განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართვას იმის შესახებ, რომ ოპოზიციას დიდი როლი ეკისრება და პოლიტიკურ ბერკეტებზე უარის თქმა გაუგებარია. როგორც ვაშაძე ამბობს, ზურაბიშვილის პოზიცია გასაგებია, თუმცა ყველაფერი ხვალინდელ დღეზეა დამოკიდებული.

„ქართულ ოცნებას“ აქვს ორი არჩევანი. წყვეტს მანდატებს - ასეთ შემთხვევაში გზა არის რიგგარეშე არჩევნები და თუ ამას არ დაეთანხმება მძაფრი კრიზისი და კოლაფსი იქნება ქვეყანაში. არ წყვეტს მანდატებს - ის კიდევ ტოვებს გზას შეთანხმებისთვის, ანუ ის მზადაა შეთანხმებისთვის“,- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, „მეტი თავისუფლება - გირჩის“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დასაწყისშივე იყვნენ ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამბობდნენ, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა, პარლამენტში შესვლას არ აპირებდნენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა