შესაძლოა თუ არა სემეკის მიერ დადგენილი ტარიფები ისევ გადაიხედოს და როგორ მიმდინარეობს კომუნალური გადასახადების სუბსიდირება - ინტერვიუ დავით ნარმანიასთან

სემეკმა მომდევნო 5 წლისთვის ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფები დაამტკიცა, თუმცა გაზრდილი ტარიფის გადახდას მოსახლეობა მომდევნო წლიდან დაიწყებს. რამ განაპირობა ელექტროენერგიის გაძვირება, შესაძლოა თუ არა, რომ სემეკის მიერ დადგენილი ტარიფები გადაიხედოს, როგორ მიმდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, როგორ აისახება ქვეყნის ენერგოსისტემაზე „ენგურჰესის“ გაჩერება, ამ და სხვა საკითხების შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ესაუბრა.

- სემეკის გადაწყვეტილებით, „თელასის“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით გაიზარდა, კიდევ უფრო დიდია ზრდა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების ნაწილში. რა გახდა ტარიფის გაძვირების მიზეზი?

- მარეგულირებელმა კომისიამ ახალი ტარიფები ორი მთავარი გარემოებიდან გამომდინარე დაადგინა. ერთი მხრივ, 2020 წლის 31 დეკემბერს ძველ ტარიფებს ეწურებოდა ვადა ამასთან, მნიშვნელოვანი გარემოება, არის გამანაწილებელი კომპანიების წინაშე დაგროვილი ვალდებულებები, რომელიც მათ შორის, პანდემიის გამო დაუგროვდათ. კომპანიებს უფრო ძვირად უწევდათ ელექტროენერგიის ყიდვა, ვიდრე ეს იყო სამი წლის წინ სემეკის მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისი, ამიტომ უგროვდებოდათ მინუსები, ჰქონდათ საბანკო და სხვა სახის ვალდებულებები, რომელთა დაფარვა მნიშვნელოვანი იყო, რათა შეუფერხებლად გაეგრძელებინათ საქმიანობა, უწყვეტი და ხარისხიანი ელექტროენერგია მიეწოდებინათ მომხმარებლებისთვის.

- რომ არა პანდემიის ფაქტორი, შესაძლოა, ელექტროენერგია ნაკლებად გაძვირებულიყო?

- პანდემიამ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონია, ვინაიდან შემცირდა საწარმოების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა, ვინაიდან ბევრი მათგანი გაჩერდა ან შეამცირა აქტივობა, რამაც ტარიფზე ზეწოლა გამოიწვია. ეს გარემოება ერთადერთი არ იყო, თუმცა ერთ-ერთი ნამდვილად გახლდათ.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ კომპანიები ტარიფის კიდევ უფრო მეტად ზრდას ითხოვდნენ. რამდენად შესაძლებელია, რომ მათ სემეკის გადაწყვეტილება გაასაჩივრონ და ასეთ შემთხვევაში, ტარიფები კიდევ უფრო გაიზარდოს?

- იმის მიუხედავად, რომ ტარიფები გავზარდეთ და გამანაწილებელ კომპანიებს „თელასის“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ სახით, მეტი შემოსავლების მიღების შესაძლებლობა მიეცათ, ისინი მაინც უკმაყოფილოები არიან მიღებული გადაწყვეტილებით, ვინაიდან ჩვენს მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად, თითქმის 30 მილიონ ლარამდე არ გავითვალისწინეთ ტარიფში. ეს რომ გაგვეთვალისწინებინა, მინიმუმ 1.5-ჯერ უნდა გაგვეზარდა ტარიფი, თუმცა ვიხელმძღვანელეთ მარეგულირებელი აუდიტის იმ წესებით, რომლებიც 1 წლის წინ დავადგინეთ და რომლის თანახმადაც არ გავითვალისწინეთ ისეთი ხარჯები, როგორიცაა სახელფასო სტიმულირების მექანიზმები, წარმომადგენლობითი, საკონსულტაციო და სხვა ხარჯები, რამაც კომპანიების გულის წყრომა გამოიწვია. მათ შეუძლიათ სემეკის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ, თუმცა ამ დროისთვის არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრდა თუ არა. ჩვენ ობიექტური გადაწყვეტილება მივიღეთ და რომც იყოს გასაჩივრებული, არ მგონია, რომ ამ საჩივარს დადგენილი ტარიფების გაზრდის თვალსაზრისით დიდი პერსპექტივა ჰქონდეს.

- როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს სახელმწიფო წყლისა და ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფს ასუბსიდირებს, ასევე ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებშიც ხდება კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, რა რაოდენობის ფინანსური რესურსი იხარჯება ამ მიმართულებებზე?

- სემეკის გადაწყვეტილების პარალელურად მთავრობამ დროული და სწორი გადაწყვეტილება მიიღო გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებასთან დაკავშირებით. სუბსიდირებას დაექვემდებარა აბონენტები, რომლებიც თვეში 300 კილოვატის ჩათვლით მოიხმარენ. ასევე, მთელი წლის განმავლობაში მთავრობა ტარიფის ნაზარდს 50%-ით დაუსუბსიდირებს ბიზნესს, რომელიც კვების პროდუქტების წარმოების, შენახვისა და გადამუშავების მიმართულებით ოპერირებს.

რაც შეეხება სუბსიდიას, რომელიც 4 თვის განმავლობაში პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე გაიცემა, ნოემბერსა და დეკემბერში სუბსიდიის სახით გაიცა 119 935 573 ლარი, რომლითაც 5 725 956-მა მომხმარებელმა ისარგებლა. ამასთან, ნოემბერ-დეკემბერში ჯამში, სუბსიდირებაზე უარი განაცხადა 10 000-ზე მეტმა აბონენტმა. აღნიშნული პროგრამა თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

- კომუნალური სუბსიდირების ნაწილში კომპანიების მიერ მრიცხველების ვადაგადაცილებით წაკითხვის გამო იყო შემთხვევები, რომ მოქალაქეებმა სუბსიდია ვერ მიიღეს, რამდენად მოხდა ასეთი ფაქტების აღმოფხვრა?

- მასობრივი ხასიათი არ ჰქონია, თუმცა იყო ცალკეული შემთხვევები რამდენიმე უბანში მრიცხველების 2-3 დღით გვიან წაკითხვასთან დაკავშირებით, რის გამოც ზოგიერთი მომხმარებელი მცირედით ასცდა ელექტროენერგიის ნაწილში 200 კილოვატ საათს და გაზის ნაწილში 200 კუბურ მეტს და სუბსიდია ვერ მიიღო. ამასთან დაკავშირებით გამანაწილებელ კომპანიებს მითითებები მივეცით, რომ შესაბამისი კორექტირება მოხდეს. ჩვენთან შემოდის მოქალაქეების ცალკეული საჩივრები, რაზეც რეაგირება ხდება სემეკის მხრიდან და კომპანიას ეძლევა მითითება. ამასთან, ჩვენთან ამ ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს და არ გამოვრიცხავთ, რომ ამას ზოგიერთი კომპანიის დაჯარიმება მოყვეს.

- 20 იანვარს საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურიენგურჰესისადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის გამო 3 თვით გაჩერდა და როგორც ცნობილია, ამ პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთი ელექტროენერგიით რუსეთიდან მომარაგდება. ზოგადად, ხომ არ უნდა ველოდოთ მომარაგების კუთხით შეფერხებასენგურჰესისგაჩერების გამო და ასევე, როგორ დარეგულირდება აფხაზეთის მომარაგების საკითხიენგურჰესისმუშაობის განახლების შემდეგ?

- ენგურჰესის დროებით გაჩერება საქართველოს ელექტროენერგიით მომარაგებაზე არ იმოქმედებს. ჩვენ ტარიფის გაანგარიშების დროს, ასევე სახელმწიფო ელექტოსისტემამ დაბალანსებისთვის გაითვალისწინა, რომ „ენგური“ იანვრიდან გაჩერდებოდა და ის ალტერნატიული წყაროებით, ძირითადად იმპორტირებული ელექტროენერგიითაა ჩანაცვლებული. კვირაზე მეტია, რაც „ენგური“ გაჩერებულია, თუმცა ეს სისტემას რაიმე სახით არ დატყობია. რაც შეეხება აფხაზეთის ნაწილს, ხდება რუსეთიდან იმპორტი. როდესაც „ენგურჰესი“ აღდგება, მისი გამომუშავება მინიმუმ 10%-ით გაიზრდება, შესაბამისად, „ენგურჰესის“ ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ ორივე მხარე მეტ ელექტროენერგიას მიიღებს. ეს მაისის დასაწყისიდანაა დაგეგმილი.

- მინდა გკითხოთ სვანეთის ელექტროენერგიით მომარაგების საკითხზეც, როგორც ცნობილია, მოსახლეობა კვლავ არ იხდის ელექტროენერგიის საფასურს, რის გამოც "ენერგო-პრო ჯორჯიას" ფინანსური პრობლემები ექმნება. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, კვლავ ხდება სვანეთში ბიტკოინების უკანონო მაინინგი, როგორ ხედავთ ამ პრობლემის გადაჭრის გზას, რა ნაბიჯებია დაგეგმილი?

- სვანეთთან დაკავშირებით შემუშავებულია ღონისძიებათა გეგმა, რომლის ფარგლებშიც უნდა გაგრძელდეს გამრიცხველიანება, ცალკეული კვანძების მოწესრიგება და უნდა გაგრძელდეს, უკანონო მიერთებების აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირება. ეს პროცესები მიდის და დარწმუნებული ვართ, რომ კომპანიის მინუსები დაბალანსდება და დროთა განმავლობაში ეს პრობლემა გადაწყდება.

- რაც შეეხება ქვეყანაში ახალი გენერაციის განვითარებას, სხვადასხვა რეგიონში ახალი ჰესების მშენებლობას ადგილობრივების ნეგატიური დამოკიდებულება ერთვის თან, ასევე რიგი არასამთავრობო ორგანიზაციებიც მხრიდანაც ისმის კრიტიკა. როგორია თქვენი პოზიცია ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით?

- ჩემი პოზიციაა, რომ უწყინარი ჰესების მშენებლობა უნდა გაგრძელდეს. ამაში ისეთ ჰესებს ვგულისხმობ, რომლებიც გარემოზე დამანგრეველ ზემოქმედებას არ ახდენენ. ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისთვის, იმისთვის, რომ გრძელვადიან პერიოდში უფრო სტაბილური ფასები გვქონდეს, არ ვიყოთ დამოკიდებული იმპორტზე და არ ვაფინანსებდეთ სხვა ქვეყნების ეკონომიკას, მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას მეტი ადგილობრივი გენერაციის წყარო. მაქსიმალურად უნდა იქნას კონსენსუსი მიღწეული მოსახლეობასა და ინვესტორს შორის. სახელმწიფოს ფასილიტატორის ფუნქცია აქვს ნაკისრი და ეს ფუნქცია უნდა შეასრულოს და ასეთი პოზიციით გაგრძელდეს ჰესების მშენებლობა.

მარიამ ტიტვინიძე

„ინტერპრესნიუსი“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო