ვახუშტი მენაბდე - უმრავლესობა ვალდებულია ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყვიტოს - პარლამენტის წევრებს საკუთარი მანდატის განკარგვის თავისუფალი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ

უმრავლესობა ვალდებულია ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყვიტოს - პარლამენტის წევრებს საკუთარი მანდატის განკარგვის თავისუფალი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, - ამის შესახებ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი, კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე “ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც მენაბდე განმარტავს, კონსტიტუციაში წერია, რომ არსებობს გადადგომის მექანიზმი, ხოლო პარლამენტის როლი ამ პროცესში ფორმალური უნდა იყოს.

“პარტიებს შორის ურთერთპატივისცემა ნიშნავს, არა მხოლოდ ერთად მსჯელობის ვალდებულებას, არამედ იმასაც, რომ კარი არ ჩაკეტო, როცა ვინმეს ამ კარიდან გასვლა უნდა.

როგორც ახლა გახდა ცნობილი, პარლამენტი საკითხს ჩააგდებს, ანუ მანდატებს არ შეუწყვეტს ოპოზიციას. თუ ასე მოხდა ის კონსტიტუციის სულისკვეთებასთან მოვა წინააღმდეგობაში. რა მოხდება ამის მერე? საკონსტიტუციო სასამართლოში ამის გასაჩივრების შესაძლებლობა ბუნდოვანია. ქართული პოლიტიკური სამართალი ასეთი სცენარისთვის მზად არ არის და პირდაპირი პასუხი არ აქვს. როგორც წესი პრობლემა ტრადიციულად პირიქით დგას ხოლმე, უმრავლესობა უკანონოდ უწყვეტს ოპონენტს მანდატს (სპეციალური ტერმინის კი არსებობს ამ ფენომენის აღსაწერად „ძეხვის დაჭრა“), ამიტომ კანონი ამის დაზღვევაზე აკეთებს აქცენტს. თუმცა ალბათ მაინც ღირს ოპოზიციამ ეს მექანიზმი გამოიყენოს და სარჩელი მოამზადოს.

როგორც 51 დეპუტატს არ აქვს მექანიზმი გააჩეროს პარლამენტის მუშაობა, ისე არ უნდა ჰქონდეს 90-ს ძალით დააკავოს კოლეგები რუსთაველის #8-ში. ასეთია სამართლიანობის მოთხოვნები. მაგრამ ჩვენი პარლამენტი საინტერესო ლაბორატორიაა. როგორც უზენაესი საკანონმდებლო ორგანოს ბნელ ტალანებში ჩურჩულით ყვებიან, ერთხელ აქ გარდაცვლილი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დადგენილებას არ მისცეს ხმა დეპუტატებმა. საკითხი ჩააგდეს, რადგან ახალი კვორუმი ხელს არ აძლევდათ“, - აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო