ხათუნა ლაგაზიძე - კარლ ჰარცელის მოწოდება არა მარტო კარის ღია დატოვებისკენ არის მიმართული, არამედ მოლაპარაკების გაგრძელებისკენ

კარლ ჰარცელი ამ განცხადებით პირველ რიგში ხელისუფლებას მიმართავს, ასევე ოპოზიციასაც. თუმცა, ღია კარის პრინციპი არ ნიშნავს მაინცდამაინც, რომ ოპოზიცია ამ კარში შევა, ამიტომაც, ერთგვარად ეს მოწოდება არა მარტო კარის ღია დატოვებისკენ არის მიმართული, არამედ მოლაპარაკების გაგრძელებისკენ, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ “ინტერპრესნიუსთან” ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, ევროკავშირისთვის რამდენიმე ფაქტორის გამოა მნიშვნელოვანი, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატები არ შეუწყდეთ.

„პირველ რიგში რაც ევროკავშირს საქართველოში სჭირდება, ეს არის სტაბილურობა და ოპოზიცია გარეთ, ეს არის დესტაბილიზაციის მაღალი მუხტი. მეორე ფაქტორი არის ის, რომ ეს არის ბოლო დემოკრატიული ნიშნების მქონე ქვეყანა, ჩვენ დემოკრატია აღარ ვართ, დემოკრატიის ფერუმარილწასმული ქვეყანა ვართ და ამ ფერუმარილის ჩამოფერთხვაც აღარ უნდათ და უნდათ, რომ ამ დოზით მაინც ამ ქვეყანამ დემოკრატია შეინარჩუნოს. ეს ორი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია - ბოლო დემოკრატიის ჩამონგრევა აღარ უნდათ ქვეყანაში და სურთ სტაბილურობის შენარჩუნება. ურთულესი გამოწვევების წინაშე ვართ საგარეო პოლიტიკური მოცემულობის. ამ სიტუაციაში სრულიად გასაგებია ერთპარტიული პარლამენტის დატოვება მათთვის არის სერიოზული რისკი, ასე უყურებს ამას ევროკავშირი,“- განაცხადა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ხელისუფლების ინტერესშია, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების პარლამენტში ყოფნის საკითხი ღიად დატოვოს, რადგან ვიდრე მათ მანდატები სრულად არ შეუწყდებათ, ექნებათ ბერკეტი იმისთვის, რომ ოპოზიციის შიგნით მუდმივი დაძაბულობა შეიქმნას.

„კარლ ჰარცელის ეს განცხადება მესმის პირდაპირი მნიშვნელობით, რაც იგულისხმა, ეს არის უპირველეს ყოვლისა მიმართვა ხელისუფლებისადმი და ასევე ოპოზიციისადმი. თუმცა, ღია კარის პრინციპი არ ნიშნავს მაინცდამაინც, რომ ამ კარში შევლენ, ამიტომაც, ერთგვარად არამარტო კარის ღია დატოვებისკენ არის მიმართული, არამედ მოლაპარაკების გაგრძელებისკენაა ეს მოწოდება. თუმცა, რადგან წითელი ხაზი გადის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება-არჩატარებაზე, შესაბამისად, მე ნაკლებად ველი, რომ ოპოზიციიდან ჰქონდეს რეაგირება. ხელისუფლებას რომ აწყობს ამ საკითხის ღიად დატოვება ეს ცალსახაა, ამით ოპოზიციის დემორალიზების იარაღი უჭირავთ ხელში, სანამ მანდატებს გააუქმებენ მუდმივად ექნება ხელისუფლებას ბერკეტი, რომ ოპოზიციის შიგნით ცალკეულ დეპუტატებთან იმუშავოს და მუდმივი დაძაბულობა შექმნას, რომ ვიღაც შეიყვანოს, ამავე ფაქტორიდან გამომდინარე ოპოზიციის რესურსის კონცენტრაცია ხდება შესვლა - არშესვლის საკითხზე და ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი რჩება ინტერესის მიღმა. ეს იწვევს ოპოზიციის მიმართ ხალხის ნდობის შემცირებას. ჯაჭვური რეაქციის მსგავსია, ხალხი მიტოვებულად გრძნობს თავს მარტო ხელისუფლების მხრიდან არა, ოპოზიციისგანაც. ეს ყველაფერი არის ბერკეტი ხელისუფლების ხელში, მეორე მხრივ, ოპოზიციის შესვლა მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილების გარეშე რითი შეიძლება აიხსნას, არ ვიცი.

ოპოზიციის შესვლის რესურსს ახლა მე უბრალოდ ვერ ვხედავ მთავარ თემაზე შეთანხმების გარეშე. ასეთ გაურკვევლობის ფაზაში მყოფი ოპოზიცია არის ჩამოქცევის პირას, თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული და გაუქმდება მანდატები, ეს ოპოზიციას იმას მაინც აჩვენებს, რომ დარჩა ერთადერთი გზა - ქუჩაში გასვლა, ამას სხვანაირად დაორგანიზება სჭირდება, ეს ტელევიზიიდან არ ხდება, ხალხში უნდა გავიდნენ. დროა კონცენტრირდეს ოპოზიცია იმ გამოწვევებზე რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. მე სიმართლე გითხრათ ვფიქრობ, გაცილებით უკეთესი იქნება მოცემულ სიტუაციაში, რომ მანდატები შეწყდეს, რადგან ოპოზიციას ეცოდინება, სად დგას და რა უნდა აკეთოს, მისი ნაწილი მაინც მიხვდება რა უნდა აკეთოს,“- განაცხადა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, ერთადერთი ვინც შეიძლება ქვეყანაში პოლიტიკური თვალსაზრისით შემქნილ მდგომარეობაზე ზეგავლენა მოახდინოს, ეს ამერიკის ახალი ადმინისტრაციაა.

“კიდევ ერთი რაც ამ წუთას ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს არის ის, რომ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით ხალხის გარეთ გამოყვანა არის წარმოუდგენელი, ბოლო კვლევების შედეგებიც ხლეისუფლებას აძლევს ბერკეტს, რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხი საერთოდ აღარ განიხილოს. ერთადერთი, ვინც ამ პროცესზე გავლენა შეიძლება მოახდინოს, ეს არის ამერიკის ახალი ადმინისტრაცია და ძალიან ნიშანდობლივია, რომ მოლაპარაკებების პროცესი იმართებოდა ამერიკისა და ევროკავშირის ელჩის ერთობლივი ძალისხმევით, თუმცა, ამერიკის საელჩოდან გამოხმაურება ამჯერად არ ყოფილა. ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან უნდა იმუშაოს ოპოზიციამ, ქვეყანაში მიდის შეუქცევადი პროცესები, რუსი მწვანე კაცუნების ყოფნა საქართველოში ნიშნავს ფაქტობრივ კაპიტულაციას და ნიშნავს იმას, რომ ისეთ ბომბზე ზის ქვეყანა, რომ ეს როდის აფეთქდება, არავინ იცის. შესაბამისად, ასეთ სიტუაციაში და ასეთი ტურბულენტობის ზონაში ქვეყანა დიდხანს ვერ გაძლებს. ამიტომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან მუშაობა მნიშვნელოვანია,“- განაცადა ლაგაზიძემ.

ცნობისათვის, ევროკავშრის ელჩი კარლ ჰარცელი მოუწოდებს „ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ნებისმიერი კარის ნაადრევად დახურვისაგან, განსაკუთრებით ისეთი კარის, რომელიც, თუკი დაიხურა, სამუდამოდ დახურული დარჩება“. ელჩის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს ინტერესებს ყველაზე უკეთ ის პარლამენტი მოემსახურება, რომელიც საქართველოს ყველა ამომრჩეველს წარმოადგენს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა