ჩვენ უკვე ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს და დამატებით დამუნათება ნამდვილად არ გვჭირდება, რაზეც ხელი მოვაწერეთ ჩვენ იმ ვალდებულების შესრულებას ზედმიწევნით მივყვებით,- ასე პასუხობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარტია “მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომელიც ელოდება, რომ “ქართული ოცნება” საარჩევნო ცვლილებებს პირველ მარტამდე დააინიცირებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პარლამენტს დატოვებს.
როგორც მდინარაძე აღნიშნავს, “მოქალაქეების” ლიდერები ასეთივე კატეგორიულობით გამოირჩეოდნენ მათთან შეხვედრისას, რაც საჭირო არ იყო. მდინარაძის თქმით, ცვლილებებს “ქართული ოცნება” პირველ მარტამდე დააინიცირებს და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებსაც გაითვალისწინებს.
„მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ასეთივე კატეგორიულები და ხისტები იყვნენ ზოგ შემთხვევაში ზედმეტადაც, რაც მიმაჩნია, რომ ჩემთან და არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის და საუბრის დროს საერთოდ არ იყო საჭირო, მაგრამ გასაგებია მათი პოზიცია და ისინი განსაკუთრებით ითხოვდნენ, რომ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში რა შეთანხმებაც შედგა, ყველა პუნქტი იყოს გათვალისწინებული. ჩვენ უკვე ხელი მოვაწერეთ და დამატებით დამუნათება ნამდვილად არ გვჭირდება, რაზეც ხელი მოვაწერეთ, ჩვენ იმ ვალდებულების შესრულებას ზედმიწევნით მივყვებით, მათ შორის, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებია, რომლის გათვალისწინებასაც ასევე ვაპირებთ და დათქმულ ვადაშიც, რომელიც არის პირველი მარტი, ვაპირებთ, რომ დავაინიციროთ პროექტი, ვიმსჯელოთ დეტალებზე, ჩავიდეთ სიღრმეებში და შევქმნათ ამ მიმართულებით უფრო მყარი და დახვეწილი კანონმდებლობა,“- განაცხადა მდინარაძემ.