სწორი გადაწყვეტილება იქნება ის, რომ მე და ალეკო კი არ ვისხდეთ იქ და კიდევ ოთხი ადამიანი, არამედ მთელი ოპოზიცია, სამოცივე კაცი იყოს, რომელიც შეძლებს შექმნას ამ ქვეყანაში რეალური პოლიტიკური კლიმატი, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს ოპოზიციის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განუცხადა.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, სწორი იყო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლითაც ოპოზიციის 51 დეპუტატს საპარლამენტო უფლებამოსილება არ შეუწყვიტეს. მისი თქმით, მმართველმა პარტიამ ამით მოლაპარაკებებისთვის სივრცე დატოვა.
„დატოვეს სივრცე იმისათვის, რომ პოლიტიკური კრიზისი საბოლოოდ მოლაპარაკების გზით განიმუხტოს. ჩვენ ამას მოვუწოდებდით და ვამბობდით, რომ თუ ოპოზიონერ დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყდება, კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება და პროცესები წავა იმ მიმართულებით, საიდანაც მობრუნება შესაძლოა, ძალიან რთული იყოს. მე ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ“, - განაცხადა იოსელიანმა.
მისივე განმარტებით, ოპოზიციის ყველა ლიდერი აცხადებს, რომ ყველაფრის დასრულება მოლაპარაკების გზით სურთ და ამიტომ, მოლაპარაკებებზე უარს არავინ ამბობს. იოსელიანი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს.
„ზოგადად, ვხედავ, რომ „გირჩს“ გამოკვეთილი პოზიცია აქვს, საბოლოო ჯამში, ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდეს და ამაში ვეთანხმები. ამიტომ, მგონია, რომ საბოლოოდ სწორი გადაწყვეტილება იქნება ის, რომ მე და ალეკო კი არ ვისხდეთ იქ და კიდევ ოთხი ადამიანი, არამედ მთელი ოპოზიცია, სამოცივე კაცი იყოს, რომელიც შეძლებს შექმნას ამ ქვეყანაში რეალური პოლიტიკური კლიმატი“, - განაცხადა იოსელიანმა.
რაც შეეხება „მოქალაქეების“ პარლამენტში შესვლის საკითხს, როგორც იოსელიანი განმარტავს, „მოქალქეების“ პარლამენტში შევიდნენ იმიტომ, რომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ქვეყანას არჩევნების გაყალბებისგან დააზღვევს.
„ეს არის პოლიტიკური ფასი, რომელსაც იხდის „ქართული ოცნება“, რომ ამ ქვეყანაში შეუძლებელი გახდეს არჩევნების ისე ბინძურად ჩატარება, როგორც ჩატარდა. ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი მოქალაქისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აღარ მინდა, რომ საბოლოო ჯამში, ყველა არჩევნები მთავრდებოდეს ქუჩაში გამოსვლით, ერთმანეთთან დაჯახებით, ერთმანეთის ზიზღით და ბოიკოტირებით. მე მინდა ევროპული სტანდარტის არჩევნები და მგონია, რომ ეს მემორანდუმი, რომელიც მთელი ოპოზიციის მიერ არის შედგენილი, ამ ყველაფერს უზრუნველყოფს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.