კახა კუჭავა - სტარტი, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ახალმა დელეგაციამ აჩვენა, ძალიან წარმატებული იყო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ერთი წლის პაუზის შემდეგ ფიზიკური დასწრებით პირველად ჩატარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენი დელეგაცია სრულად იყო წარმოდგენელი, რომლის განახლებულმა შემადგენლობამ პირველად მიიღო მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და ის სტრატი, რომელიც ახალმა დელეგაციამ აჩვენა ძალიან წარმატებული იყო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა, მათ შორის, ქართველი პარლამენტარების, მათი უკრაინელი და სხვა კოლეგების მიერ რუსეთის დელეგაციაზე უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით დაყენებული უნდობლობის საკითხი.

„ძალიან საინტერესო დებატები და მხარდაჭერა იყო, მათ შორის განცხადებებში, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა ევროპული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელების მხრიდანაც. ერთ - ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც ჩვენ ვაყენებდით და ხაზს ვუსვამდით, ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ის ვალდებულებები, რომელსაც არ ასრულებს რუსეთი და რა თქმა უნდა, ვახსენეთ ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული ძალიან სასიამოვნო გადაწყვეტილება, რომლის შესრულებასაც ჯერჯერობით პირი არ უჩანს“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ვიზიტის პირველივე დღიდან დელეგაცია აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ წარდგენილი ანგარიშის განხილვაში, სადაც კიდევ ერთხელ ხაზგასმული იყო მთავარი შეფასება, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულ, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლება დაცული იქნა.

„გარდა ამისა, გარკევულ საკითხებზე იყო მითითება და ჩვენ, როგორც ეს განვაცხადეთ კიდეც, ავიღეთ ვალდებულება შევასრულოთ ის საკითხები, რომელსაც თვლიან, რომ აუცილებელია გამოსწორდეს, როგორც საკანონმდებლო ცვლილებებით, ასევე პრაქტიკაში გატარების კუთხით. ამ ანგარიშში მითითებული იყო მათი გაკვირვება და წუხილი, რომ ოპოზიცია არ იყენებს ამომრჩევლის მიერ მინიჭებულ მანდატებს და აგრძელებს ქუჩაში ბოიკოტს. ჩვენი კოლეგები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან მოუწოდებდნენ ოპოზიციას შეწყვიტონ ბოიკოტი, დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში და გააგრძელონ საპარლამენტო ცხოვრება“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, მეორე მნიშვნელოვან ანგარიშში, რომელიც მონიტორინგის კომიტეტის მიერ იყო წარდგენილი, საქართველოსთან მიმართებაში დადებითი შეფასებები იყო ასახული, რაც ნამდვილად საამაყოა.

„პირველ რიგში, აღნიშნული იყო ის დიდი მიღწევა, რომელიც საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებების სახით იქნა განხორციელებული 2020 წელს საქართველოში და რა თქმა უნდა, ყველა მიესალმება ამას. თუმცა, აქაც კიდევ ერთხელ იყო გამოთქმული მწუხარება და გაკვირვება და მოწოდება ოპოზიციაზე, რომ მათ გამოიყენონ თავიანთი მანდატები, ხალხის მიერ მინიჭებული ნდობა გაამართლონ, პარლამენტში შემოვიდნენ და დაიწყონ საპარლამენტო საქმიანობა“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, ქართულმა დელეგაციამ წარადგინა ძალიან საინტერესო სამი შუამდგომლობა რეზოლუციასთან დაკავშირებით, ხოლო მეოთხე შუამდგომლობა მზადდება.

„საინტერესო თემატიკას შეეხება ჩვენი შუამდგომლობები და უკვე 20-ზე მეტი ქვეყნის დეპუტატი გვიჭერს მხარს. ისინი შეეხება: კოვიდის გავლენას ტურიზმსა და ავიაციის სფეროზე, კოვიდის გავლენას ციხეებში მყოფ პირებზე და ახალგაზრდობისა და მედიის საკითხებს. მეოთხე შუამდგომლობა, რომელიც მზადდება, შეეხება კოვიდის გავლენას გარემოს საკითხებზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომდევნო სესიაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ოპოზიციის წევრებით სრულად დაკომპლექტებული შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა