ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ნაწილი გაშმაგებით იბრძვის, რამენაირად ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომ სათქმელი ჰქონდეს: „პარლამენტის კარები მოგვიჯახუნეს“ - ჩვენ ეს არ გავაკეთეთ

რა თქმა უნდა, მომავალში შეიძლება გახდეს გარკვეული სასამართლოს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საკითხი, მაგრამ ამას დრო გვიჩვენებს,- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა პალიტრანიუსის გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე დღევანდელ კენჭისყრას გამოეხმაურა, რომლის შედეგად, ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატები შეუნარჩუნდათ.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, პარლამენტმა კანონის ფარგლებში იმოქმედა.

მისი განმარტებით, პარლამენტს უფლება აქვს გარკვეულ საკითხზე მიიღოს ან არ მიიღოს გადაწყვეტილება და ამ შემთხვევაში, პარლამენტმა სწორედ ეს უფლება გამოიყენა - დეპუტატებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, შესაბამისად უფლებამოსილების შეწყვეტაზე დადგენილების მიღება არ მოხდა. ამასთან, როგორც ქადაგიშვილი ამბობს, მნიშვნელოვანი იყო არ დახურულიყო მოლაპარაკების კარი და სწორედ ამას ეხებოდა კარლ ჰარცელის მოწოდებაც, რომელიც მათთვის საყურადღებო იყო.

„ბატონი კარლ ჰარცელის განცხადება რა თქმა უნდა, იყო საერთო მოწოდებებში ერთ-ერთი მოწოდებათაგანი, რომელიც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და საყურადღებო იყო და ჩვენც დღიდან ამ პროცესის დაწყებისა ვამბობდით და ვამბობთ, რომ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პოლიტიკური ველი მოლაპარაკებებისთვის იყოს ღია, კარები იყოს ღია. ჩვენ ეს კარები არ დავხურეთ, ღია დავტოვეთ და ეს არის სწორედ პრობლემა ოპოზიციის ნაწილისა, რომ მოლაპარაკებების კარები ღიაა, პარლამენტი ღიაა, ეს არის სამწუხაროდ, მათი პრობლემა. მათი პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ეს ადამიანები ვერ აღიქვამენ, რომ საქართველო როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, საპარლამენტო რესპუბლიკა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. მათში ეს იწვევს ძალიან მძაფრ წინააღმდეგობას და ისინი არიან სწორედ ამ ახალი შესაძლებლობების წინააღმდეგ. მათი ლოგიკა - „რომ მხოლოდ მე უნდა ვიყო გამარჯვებული და სხვა ნებისმიერი შედეგი, რომელიც ქართველმა ამომრჩეველმა დააყენა, ჩემთვის მიუღებელია და ნებისმიერი გზით, ნებისმიერი მეთოდით ძირს გამოვუთხრი იმას, რასაც საქართველოს, დამოუკიდებელი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება ჰქვია“, ამას ჩვენ მხარს ვერასდროს ვერ დავუჭერდით. ჩვენ რა თქმა უნდა, ყველანაირ რეზოლუციას და ყველანაირ გადაწყვეტილებას საბოტაჟის მხარდაჭერისას ჩავაგდებდით“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება მეხუთე რაუნდს და „ქართული ოცნების“ მზაობას მოლაპარაკებებისთვის, როგორც ქადაგიშვილი განმარტავს, საარჩევნო კოდექსი შეიძლება ყოფილიყო მოლაპარაკების საგანი, ამ მიმართულებით კი „ქართულმა ოცნებამ“ ნაბიჯი უკვე გადადგა და ეს მემორანდუმის სახითაც გაფორმდა ოპოზიციის ერთ ნაწილთან.

„ჩვენ ვერ ვიქნებით მუდმივად მადევარის როლში თუ რა შეიძლება ოპოზიციას ამა თუ იმ დღეს ახირების სახით დაემართოს. ჩვენ ფუნდამენტალურ ძირითად საკითხს ვიღებთ და ამ საკითხზე მნიშვნელოვან ცვლილებებს ვაანონსებთ, ამიტომ აქ სპეკულაციების ველიც კი იზღუდება. სწორედ აქედან არის გამოწვეული, რომ ოპოზიციის ნაწილი გაშმაგებით იბრძვის იმისთვის, რომ რამენაირად მიგვეღო ისეთი გადაწყვეტილება, რომ შემდეგ მათ ჰქონოდათ სათქმელი „ჩვენ კი გვინდოდა მოლაპარაკების გაგრძელება, გვინდოდა დემოკრატიული პროცესი მათ შორის პარლამენტშიც გაგრძელებულიყო, მაგრამ მათ ეს პარლამენტის კარები ასე მოგვიჯახუნეს“, ჩვენ ეს არ გავაკეთეთ.

ჩვენი სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მათი დესტრუქციული პოლიტიკის ერთგვარი სტიმულის მიმცემი და ახალი დესტრუქციის წყარო წამოვიდოდა მათგან, სწორედ აქედან გამომდინარე არ მივიღეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება. პარლამენტის კარები რომ ჩვენ ახლა, პირველსავე ჯერზე დაგვეხურა, ეს არ გამოიწვევდა ავტომატურად ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ველიდან გაქრობას. ჩვენ ჩვენს ამომრჩეველს განვუმარტავთ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ არა იმიტომ, რომ გადაწყვეტილების მიღების შეგვეშინდა, არამედ ზუსტად განვსაზღვრეთ ის, რაც ყველაზე ნაკლებად აწყობდათ საბოტაჟის მომწყობებს, შევაჯერეთ ჩვენი პოზიცია ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე თუ მეგობარ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა