ლევან იოსელიანი - რასაც ვუყურებ ოპოზიციის განცხადებებს, არავინ ამბობს გადაჭრით, რომ მოლაპარაკებების წინააღმდეგია, რაც ნიშნავს, რომ რაღაც შესაძლებლობას უშვებენ, შემოვიდნენ პარლამენტში

რასაც ვუყურებ ოპოზიციის განცხადებებს, არავინ არ ამბობს გადაჭრით, რომ ისინი მოლაპარაკებების წინააღმდეგი არიან, რადგან ამას ამბობენ, ეს ნიშნავს, რომ რაღაც შესაძლებლობას უშვებენ, რომ შემოვიდნენ პარლამენტში, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები „გაბედავენ, ეყოფათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, იმ ნაბიჯს გადადგამენ, რაც „მოქალაქეებმა“ გადადგა და პარლამენტში შევლენ.

„ნამდვილად მაქვს მოლოდინი და ნამდვილად მინდა, რომ ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში. მგონია, რომ ეს იქნება ყველაზე პასუხისმგებლიანი საქციელი მათი მხრიდან და მგონია, რომ ეს არის ამ ქვეყნისთვის გამოსავალი. მივესალმები თუ გაბედავენ და გადადგამენ იმ ნაბიჯს, რაც ჩვენ გადავდგით, ეყოფათ ამისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და შემოვლენ პარლამენტში“, - განაცხადა იოსელიანი.

ამასთანავე, იოსელიანმა ყველა იმ ადამიანს მიმართა, ვისაც, მისი თქმით, ეჭვი ეპარება, რომ „მოქალაქეები“ „ქართულ ოცნებასთან“ მიღწეული შეთანხმებით განსაზღვრული ცვლილებების განხორციელებას შეძლებს და განაცხადა, რომ თუ შეთანხმება არ შესრულდება ის და ალეკო ელისაშვილი პარლამენტს დატოვებენ.

„ჩვენ მიმართ ეს განსაკუთრებული ტალახი და განსაკუთრებული კრიტიკა წამოვიდა მხოლოდ იმის გამო, რომ განსხვავებული აზრი დავაფიქსირეთ ოპოზიციურ ერთობაში და ვთქვით, რომ ქუჩაში ბოიკოტის გაგრძელება და ამისთვის ქვეყნის პერსპექტივის გადაყოლება, კარგი არჩევნების პერსპექტივის გადაყოლება არის შეცდომა, ამის გამო მოხდა ჩვენ შორის აზრთა გაყოფა. ჩვენ შევინარჩუნეთ ის, რისიც გვჯერა, რომ გამოსავალი ამ ქვეყნისთვის არის უკეთესი საარჩევნო სისტემის მიღება და ამას მივიყვანთ ბოლომდე, ამას ნამდვილად ვპირდები ჩემს ამომრჩეველს.

ყველა სკეპტიკოსს მინდა ვუთხრა, ვისაც ეჭვი ეპარება, რომ ჩვენ ამ ცვლილებებს განვახორციელებთ და ვაიძულებთ „ქართულ ოცნებას“, რომ ის რასაც ხელი მოაწერა მიიყვანოს ბოლომდე და შეასრულოს, თუ ეს ასე არ მოხდება, პირველები ჩვენ ვიქნებით, ვინც ამაზე ხმამაღლა დავიწყებთ ყვირილს და საერთოდ დავტოვებთ ამ პარლამენტს“, - განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, პარტია „მოქალაქეები“ პრინციპულად ემიჯნება ნებისმიერი ტიპის მოვლენების განვითარებას ქუჩაში, რასაც ოპოზიციის ნაწილი აანონსებს.

„ეს ჩვენთვის მიუღებელია, ეს იყო მიზეზი, რის გამოც ჩვენ რეალურად ამდენი ტალახი მივიღეთ, მაგრამ მთავარი არის, რომ, რისიც გვჯერა იმ საქმეს ვაკეთებთ და იმას მივიყვანთ ბოლომდე “, - განაცხადა იოსელიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს