რვა ნარკოტიკული ნივთიერების დოზების დადგენასთან დაკავშირებულ პროექტს დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ

3 თებერვალს პარლამენტი, პირველი მოსმენით, “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს.

პროექტით ხდება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული რვა ნარკოტიკული ნივთიერების მცირე, დიდი და განსაკუთებით დიდი ოდენობების განსაზღვრა და დოზების დადგენა.

ინიციატორთა განმარტებით, აღნიშნული ნივთიერებები პრაქტიკაში მათი განსაკუთრებული დიდი სიხშირით გავრცელებისა და მოხმარების ფაქტიდან გამომდინარე შეირჩა, ხოლო ოდენობების განსაზღვრისას, მხედველობაში იქნა მიღებული აღნიშნულ ნივთიერებათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საზიანო შედეგები. ეს ნივთიერებებია: - ამფეტამინი, დეზომორფინი (ე.წ. კრაკადილი), ლიზელგინის მჟავა (ლსდ), მდმა (ე.წ. ექსტაზი), ეფედრონი-მეტკათინონი, მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი.

ინიციატორთა ინფორმაციით, ოდენობის საზომად აღებულ იქნა ნარკოტიკის ეპიზოდური მომხმარებლის მიერ მოხმარებულ ერთ დოზაზე მეტი ოდენობა, რომლის დათვლა თითოეული ნივთიერების შემთხვევაში ხდება სუფთა სუბსტანციის სახით.

არასამთავრობო ორგანიზაციათა შეფასებით კი, პარლამენტში ინიცირებული პროექტი პრობლემას ვერ აგვარებს. როგორც პროექტის საკომიტეტო განხილვისას ითქვა, დოზების განსაზღვრის საწყის წერტილად აღებული უნდა იყოს არა ეპიზოდური მომხმარებლის ერთი დოზა, არამედ რეგულარული მომხმარებლის დღიური დოზა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგულარული მომხმარებელი კვლავ სისხლის სამართლებრივი დევნის წინაშე აღმოჩნდება.

“ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი მიხეილ სარჯველაძის, თეა წულუკიანის, ალექსანდრე ტაბატაძის, დავით სერგეენკოს, ალუდა ღუდუშაურის, დიმიტრი ხუნდაძისა და ვლადიმერ კახაძის საკანონმდებლო ინიციატივაა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს