კახა კალაძე - დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ იმ სოციალურად დაუცველ სტუდენტებზეც, რომელთაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში სარეიტინგო ქულა 150 000 ან ნაკლები აქვთ

სტუდენტური დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ იმ სოციალურად დაუცველ სტუდენტებზეც, რომელთაც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულა 150 000 ან ნაკლები აქვთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მერიაში გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, 2015 წლიდან ფინანსდება იმ ოჯახების სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში იყო 70 000 ან ნაკლები და ახლა ბენეფიციართა რაოდენობა იზრდება.

მისივე თქმით, სოციალურად დაუცველ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა თბილისის მერიისგან მიიღოს სწავლის დაფინანსება, რომლის მაქსიმალური ოდენობა არის 2250 ლარი.

"თქვენ იცით, რომ ამ პანდემიის პირობებში ძალიან გაუჭირდათ ადამიანებს, თქვენ იცით, რომ მთელი მსოფლიო ებრძვის ვირუსს, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ და ეკონომიკური თვალსაზრისით, სერიოზული პრობლემები შექმნა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში.

შესაბამისად, ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი და კარგი პროექტი განვახორციელეთ იმ ოჯახებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება და შესაბამისად, დღეს მინდა სიახლე მოგაწოდოთ სოციალურად დაუცველ სტუდენტებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენ არავის პრობლემების წინაშე არ ვტოვებთ, მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ და ვეხმარებით, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში. ახალგაზრდების მხარდაჭერა და თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობები, რომელთა ცოდნა, განათლება, შესაძლებლობები უნდა იქნას გამოყენებული ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

თქვენ იცით, რომ 2015 წლიდან ფინანსდება იმ ოჯახების სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში იყო 70 000 ან ნაკლები, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენი ინიციატივით ბენეფიციართა რაოდენობა იზრდება და დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე, რომელთაც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000 ქულა ან ნაკლები აქვს. ამ ინიციატივის შედეგად დამატებით, 1000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა თბილისის მერიისგან მიიღოს სწავლის დაფინანსება, რომლის მაქსიმალური ოდენობა არის 2250 ლარი, ხოლო სემესტრულად 1125 ლარი. ამ თანხის რამდენ პროცენტს მიიღებს სტუდენტი დამოკიდებული იქნება, როგორც მის აკადემიურ მოსწრებაზე ასევე, სოციალურ ბაზაში მის სარეიტინგო ქულაზე. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს მხარდაჭერა და თანადგომა", - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერის განცხადებით, ცვლილებების შედეგად, დაფინანსებული მაგისტრანტების რიცხვი 600-მდე გაიზრდება.

"გარდა ამისა, მოგეხსენებათ თბილისის მერია გასცემს სემესტრულ ფინანსურ წახალისებას წარმატებული მაგისტრანტებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულები არიან თბილისში, სწავლობენ თბილისში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში და ამ მიმართულებითაც გვაქვს ცვლილებები, ჩვენი ინიციატივით აღნიშული პროგრამა გვინდა კიდევ უფრო გავაფართოვოთ. კერძოდ, გაუქმდება კვოტირების სისტემა უნივერსიტეტებისთვის შესაბამისად, დაფინანსებული მაგისტრანტების რაოდენობა გაორმაგდება. ამჟამად ფინანსდება წლიურად 300 მაგისტრანტი და ცვლილებების შედეგად 600-ზე მეტი მაგისტრანტის დაფინანსება იქნება შესაძლებელი, რაც ვფიქრობ ძალიან კარგია და მნიშვნელოვანია. იმ სტუდენტებს ვისაც ასი პროცენტით დაფინანსებული აქვს სწავლა, ჩაერიცხება თანხა პირად ანგარიშზე. აგრეთვე, პროგრამაში შემავალი უნივერსიტეტების ჩამონათვალს დაემატება კიდევ ერთი უნივერსიტეტი - ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და მისი მაგისტრატურის საფეხური.

ასევე, სიახლე გვაქვს ისიც, რომ სტუდენტისთვის წახალისების პირად ანგარიშზე ჩარიცხვის შემთხვევაში, თუ ადრე იბეგრებოდა, მომავალში არჩევანი ექნებათ მათ და სტიპენდია უნივერსიტეტის ანგარიშზე სწავლის საფასურის დაფარვის მიზნით ჩარიცხვის შემთხვევაში არ დაიბეგრება. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი სტუდენტებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, მაქსიმალურად გვექნება თანადგომა იმ ადამიანების, ოჯახების მიმართ ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს ჩვენი მხარდაჭერა, მუნიციპალიტეტის გვერდში დგომა და არავის პრობლემების პირისპირ არ დავტოვებთ, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ და მაქსიმალური თანადგომა იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ.

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
საქართველოს უნივერსიტეტი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო
შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
„კასტელო მარე“ ზაფხულის წარმატებული სეზონის შემდეგ საშემოდგომო სეზონისთვის ემზადება
„უმალი“ გაყინული თევზის ბაზარზე შესვლას გეგმავს