ანრი ოხანაშვილი ოპოზიციისთვის მანდატების შენარჩუნების საკითხზე - ვისაც როგორ სურს, ისე შეაფასოს - არ ვთვლი მიზანშეწონილად, რომ გიგი უგულავასთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარი უნდა გავაკეთო

არ ვთვლი მიზანშეწონილად, რომ გიგი უგულავასთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარი უნდა გავაკეთო. თვითონ გადაწყვიტონ ე.წ. პოლიტიკოსებმა, როგორ მიიჩნევენ ,- ასე აფასებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის ჩავარდნაზე.

კითხვაზე, იყო თუ არა მმართველი გუნდის მიერ უკან დახევა, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის ჩავარდნა, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა აღნიშნული ქმედებით სწორი ნაბიჯი გადადგა.

“ვისაც როგორ სურს, ისე შეაფასოს. არ ვთვლი მიზანშეწონილად, რომ გიგი უგულავასთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარი უნდა გავაკეთო. ეს თვითონ გადაწყვიტონ ე.წ. პოლიტიკოსებმა, როგორ მიიჩნევენ. ჩვენ იმისთვის გადავდგით ეს ნაბიჯი, რომ გამოვიყენოთ ის მექანიზმები, რისი გამოყენების შესაძლებლობა გვაქვს.

შესაბამისად, ეს იყო სწორი ნაბიჯი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მომხდარიყო დემონსტრირება, რომ თუ ვინმეს სურს დემოკრატიულ პროცესში ჩაერთოს, მათ ამის საშუალება ექნებათ. თუ ვინმეს სურს დემოკრატიული პროცესიდან გასვლა და სხვა ტონალობით, რევოლუციურ სცენარებზე საუბარი, ვიცით, რომ ეს ხალხი გულისხმობს გადატრიალებას, ოღონდ ამას უწოდებენ ლეგიტიმურ რევოლუციას, ლეგიტიმური გადატრიალება არ არსებობს.

რაც არ უნდა ასეთი აზრები აფრქვიონ, დასაწყისშივე განწირულია. არავინ, არავის არ მისცემს იმის უფლებას, რომ კონსტიტუციურ წესწყობილებას რაიმე ფორმით დაემუქროს. ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა პარტიებმა პარლამენტში იმუშაონ, ოპონირებით და ჯანსაღი პაექრობით",- აცხადებს ოხანაშვილი.

ანრი ოხანაშვილის განმარტებით, მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის მზად არის.

“კარი ღიაა მოლაპარაკებისთვის, თუ იქნება მზაობა, იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც გავაკეთეთ შეთავაზება. შევთავაზეთ, თუ რაიმე კითხვის ნიშნები აქვთ და სიმართლის დადგენა სურთ, მოდით და იმუშავეთ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში.

თუ დადგინდება 1%-იანი სხვაობა, არის მზაობა, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. თუ არც სიმართლის დადგენა გსურს, არც საგამოძიებო კომისიაში ჩართულობა და მაინც საუბრობ, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშინ ეს დასაწყისშივე წინააღმდეგობრივია",-აცხადებს ოხანაშვილი.

შეგახსენებთ, "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის ჩავარდნას გამოეხმაურა და აღნიშნა"აირია "ქოცისტანი" და კენჭისყრა ჩააგდეს - როგორც ეროვნული მოძრაობის დროს ამბობდნენ: კრემლმა უკან დაიხია, ახლა მთავარია ბოლომდე მივაწვეთ!"

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა