„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ კონკურსში გამარჯვებული ბავშვების ნამუშევრებს იაპონიაში, ფინალურ ტურში მონაწილეობისთვის გაგზავნის

„ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ მიერ ორგანიზებული ყოველწლიური საერთაშორისო საბავშვო ხატვის კონკურსის - „ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ (Toyota Dream Car Art) ეროვნულ დონეზე გამარჯვებულები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ცხრავე გამარჯვებულის ნამუშევარი, რომელიც საქართველოში ჩატარებული კონკურსის შედეგად, სამ ასაკობრივ კატეგორიაში საუკეთესოდ დასახელდა, იაპონიაში გაიგზავნება. ისინი ტოიოტას მე-14 საერთაშორისო კონკურსის საპრიზო ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

გამარჯვებულებს სერთიფიკატები, სასაჩუქრე ვაუჩერები და სამახსოვრო საჩუქრები „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თინათინ მაკარიძემ ინდივიდუალურად გადასცა. გარდა ამისა, კონკურსში მონაწილე უკლებლივ ყველა ბავშვს „ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ წამახალისებელი პრიზები გაუგზავნა.

„ტოიოტა მოტორ კორპორაცია“, უდიდესი საერთაშორისო ხატვის კონკურსით სხვადასხვა ეროვნების უამრავ ბავშვს აძლევს საშუალებას, თავისი ოცნება მსოფლიოს გაანდოს და ამით სამყარო გაცილებით კეთილი და გულისხმიერი გახადოს. წლევანდელ კონკურსში მონაწილე ბავშვების ნამუშევრები გასაოცრად მრავალფეროვანი და განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა. სასიხარულოა ისიც, რომ პანდემიის მიუხედავად, კონკურსში ჩართულობა საკმაოდ მაღალი იყო. „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ გამარჯვებულ ნამუშევრებს იაპონიაში გაგზავნის, სადაც კონკურსის ფინალური ტური გაიმართება. დიდი სურვილი და იმედი გვაქვს, ფინალისტებს შორის ბავშვები საქართველოდანაც აღმოჩნდებიან“, - განაცხადა თინათინ მაკარიძემ.

“16 წლამდე ასაკის ბავშვთა საკონკურსო ნამუშევრების მიღება 2020 წლის სექტემბრიდან დაიწყო და დეკემბრის ბოლოს დასრულდა. საერთო ჯამში, ეროვნულ დონეზე მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, 84 მონაწილე დარეგისტრირდა. „დახატე შენი ოცნება, მართე მომავალი“ - ტოიოტას უდიდესი საერთაშორისო კონკურსის სლოგანია, რომლის გაზიარების სურვილი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ათეულათასობით ბავშვთან ერთად, ქართველმა ბავშვებმაც გამოთქვეს და ამით მათ უნიკალური შესაძლებლობა მოიპოვეს, თავიანთი ოცნება მსოფლიოს გააცნონ.

კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულის - 12 წლის ნუცა ბოლაშვილის ოცნების ტოიოტა მთელი მსოფლიოს ბავშვებს ეხმარება. მის მიერ დახატული ავტომობილი-ფერმა უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, საკვებსა და ნივთებს გამოიმუშავებს და იმ ბავშვებს უგზავნის, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. 10 წლის ანანო კემულარიას ოცნებით შექმნილ ავტომობილს ფრენა შეუძლია. ის კოვიდ-19-ის ვაქცინას აფრქვევს საქართველოს და ყველა ქვეყანას იმისათვის, რომ სამყარო გადაარჩინოს. 13 წლის ქრისტინე გოცირიძემ კი ტოიოტას უნიკალური მოდელი შექმნა. ამ საოცნებო ავტომობილში მხოლოდ ხანდაზმული ადამიანები სხდებიან. მოგზაურობის შემდეგ ისინი ახალგაზრდები, ენერგიული და მხიარულები ხდებიან. როგორც ქრისტინე ფიქრობს, ამით ადამიანი უკვდავი არ ხდება, მაგრამ მას კიდევ ერთი შანსი ეძლევა.

კომპეტენტური ჟიურის დახმარებით, „ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ სამ ასაკობრივ კატეგორიაში 9 გამარჯვებული გამოავლინა: I კატეგორიაში - ელენე შარვაძე, გიორგი კოპაძე, საბა ახვლედიანი; II კატეგორიაში - ანანო კემულარია, რატი დევდარიანი, ლუი აბზიანიძე, ხოლო III კატეგორიაში - ქრისტინე გოცირიძე, ნუცა ბოლაშვილი და სანდრო ასათიანი.

საქართველოში ჩატარებული კონკურსის 9 ფინალისტის ნამუშევრები ჟიურიმ კონკურსში შემოტანილ 84 ნახატს შორის საუკეთესოდ აღიარა. ტოიოტას საერთაშორისო კონკურსის ფინალური ტურის შედეგები 2021 წლის ივნისში გახდება ცნობილი, დეტალური ინფორმაცია კი გამოქვეყნდება კონკურსის ვებგვერდზე - https://www.toyota-dreamcarart.com ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო