გიორგი ვაშაძე ადასტურებს, რომ „ცალკეულ პოლიტიკოსს“ დაუფიქსირებია განწყობა, რომ პარლამენტში არც ყველა მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში შესულიყვნენ, თუმცა „ყურადღება არ მიუქცევია, რადგან არაადეკვატურად მიიჩნია“

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ის, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილების მიუხედავად გარკვეული ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლას არ გეგმავდნენ, ცალკეული ლიდერების პოზიცია იყო და ოპოზიციურ შეთანხმებას არ წარმოადგენს.

ამის შესახებ ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „მეტი თავისუფლება - გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა.

ვაშაძის შეფასებით, აღნიშნული პოზიცია “არალოგიკური და არაადეკვატურია”.

“ასეთი რამ საერთო ოპოზიციური შეთანხმება არ არის. არც განხილულა ეს საკითხი. გარკვეულ ადამიანებს საჯაროდაც უთქვამთ და დახურულ შეხვედრებზე, ნოემბერსა და დეკემბრის დასაწყისში ასეთი რამ, მაგრამ მე ამ საკითხისთვის ყურადღება არ მიმიქცევია იმიტომ, რომ არალოგიკურად და არაადეკვატურად მიმაჩნია ასეთი ტიპის პოზიციონირება, რომ ყველაფერს უნდა მივაღწიო შენთან და მე ნაბიჯი არ უნდა გადმოვდგა შეთანხმებისთვის. ეს პარტიულ, ჩამოყალიბებულ პოზიციად არავისგან მიმიღია, მაგრამ ცალკეულ პოლიტიკოსებს, რომლებიც სხვადასხვა განხილვაზე ისხდნენ, ასეთი რამ უთქვამთ”, - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძე გამოეხმაურა პარლამენტში არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივასაც და აღნიშნა, რომ ეს მკვდრადშობილი ინიციატივაა.

“ეს არის ფარსი. ეს არ იქნება საგამოძიებო კომისია. ამ ფარსს არ მიიღებს არც საზოგადოება, არც ჩვენ, არც საერთაშორისო ორგანიზაციები. ეს ინიციატივა მკვდრადშობილია იმიტომ, რომ ეს არაფერს ემსახურება. რეალურ საგამოძიებო კომისიებს ჩვენ ვაჩვენებთ, როდესაც დრო მოვა და როცა შეთანხმება მოხდება”,- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, „მეტი თავისუფლება - გირჩის“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დასაწყისშივე იყვნენ ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამბობდნენ, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა, პარლამენტში შესვლას არ აპირებდნენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს