გიორგი ვაშაძე - სკეპტიციზმი ძალიან დიდია ფასილიტატორ ელჩებში, თუ არ დაახლოვდა პოზიციები, შეთანხმებას უვადოდ ვერ დაელოდებიან

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, ფასილიტატორ ელჩებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით სკეპტიკური განწყობა აქვთ. ამის შესახებ ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია, ფასილიტატორმა ელჩებმა მოლაპარაკებების პროცესი დატოვონ და რამდენად იყო აღნიშნული მესიჯის მატარებელი კარლ ჰარცელის დღევანდელი განცხადება, რომელიც მოლაპარაკებების პროცესში ფასილიტატორი ელჩების როლსა და მათ ჩართულობას ეხებოდა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ფასილიტატორი ელჩები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გაფორმებას უვადოდ ვერ დაელოდებიან.

„სკეპტიციზმი ძალიან დიდია ფასილიტატორ ელჩებში. თუ არ დაახლოვდა პოზიციები, უვადოდ ვერ იქნება ეს მოლაპარაკებები და ამერიკის ელჩი და ევროკავშირის ელჩი უვადოდ, მთელი ცხოვრება ვერ დაელოდებიან ამ შეთანხმებას. მათ ეს წუხილი აქვთ. მე ღიად ვამბობ, რომ ეს ჩვენთანაც დაუფიქსირებიათ. ბოლო საუბარში როცა ვესაუბრე ტელეფონით, დავუდასტურე, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი მონაწილეობა. ზუსტად ის, რაც ალეკო ელისაშვილს გაუკეთეს თუ გააკეთებინეს, ეს რომ არ მოხდეს ხვალ და ზეგ, ჩემთვის მნიშვნელოვანია ამერიკის და ევროკავშირის ელჩი იყოს ამის მონაწილე, რომ ხვალ-ზეგ მოტყუებები, გადაგდებები არ დაიწყოს „ქართულმა ოცნებამ“. მე მესმის, შინაარსი ამ განცხადების, არ დავიწყებ, რომ სხვა რამეს გულისხმობდნენ. სკეპტიციზმი აქვთ, მაგრამ ეს სკეპტიციზმი ჩვენს პოზიციასთან კი არ აქვთ მხოლოდ, „ქართული ოცნების“ პოზიციასაც ეხება“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძე ასევე გამოეხმაურა მმართველი გუნდის გუშინდელ გადაწყვეტილებას ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ და აღნიშნა, რომ ამით „ქართულმა ოცნებამ“ დრო მოიგო.

„ჩემთვის უკეთესი იყო შეეწყვიტათ მანდატები და დამთავრდებოდა ეს გაუთავებელი იწილობიწილო. თუ გვინდა ობიექტურად შევაფასოთ პროცესი, ჩემი აზრით, ქვეყნისთვის ყველაზე კარგი იქნება რიგგარეშე არჩევნები იმისთვის, რომ დამშვიდდეს ეს პროცესი ნორმალური საარჩევნო სისტემით, მივალთ არჩევნებზე და არ შეგვეშინდება, რომ ჩემს ხმას ვინმე გააყალბებს. ეს იქნებოდა გამოსავალი. რაც შეეხება უფლებამოსილების არშეწყვეტის საკითხს, გულწრფელი უნდა ვიყო და უნდა ვთქვა, რომ ასეთი პრეცედენტები არის უკრაინაში. მინისტრი წერს განცხადებას, რომ სახლში უნდა წასვლა, მაგრამ არ აკმაყოფილებს ამას პარლამენტი და მერე არის კურიოზული სიტუაცია ხოლმე, რომ ადამიანი თან არის მინისტრი და თან არა. ეს თუ ქართული პრაქტიკა იქნება, ჩემი აზრით, ძალიან ცუდი იქნება, თუ სულ ამ რეჟიმში ვიყოთ იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ფუნქციონირებადი არ იქნება ის ინსტიტუციები, რომლებიც უნდა იყოს. პირდაპირ გეტყვით, რატომ გააკეთა ეს „ქართულმა ოცნებამ“. მათ დაინახეს, რომ 100 დეპუტატს ვერ აგროვებდნენ. ამ გადაწყვეტილებით ერთი რამ დადასტურდა, რომ 100 დეპუტატის მოგროვება არის მინიმალური საკონსტიტუციო ლეგიტიმაციის სტანდარტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უკვე იცის, რომ უნდა დააკმაყოფილოს. ისინი ამბობდნენ, თითქოს ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ამ გადაწყვტილებით, ფაქტობრივად, ჩემთვის დადასტურებულია, რომ „ქართული ოცნებაც“ ეთანხმება, რომ თუ 100 დეპუტატზე ნაკლები რჩება პარლამენტში, მაშინ პარლამენტი არალეგიტიმურია და უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. ამ გადაწყვეტილებით მათ დრო მოიგეს. ბატონ კობახიძეს, რომელიც ახლა საქართველოს მთავარი მმართველი და პარტიის თავმჯდომარეა, პირდაპირ ვურჩევ - დასხედით, მოიფიქრეთ წინადადების ისეთი პაკეტი, რომელიც ხალხისთვის იქნება მისაღები და დააწყნარებს სიტუაციას, მობრძანდით და მზად ვართ, განვიხილოთ“, - აღნიშნა ვაშაძემ.

მისივე შეფასებით, თუ მმართველი გუნდის მხრიდან ახალი წინადადებები არ იქნება, ქვეყანაში სიტუაცია არ განიმუხტება.

„მე ვერ ვხედავ, რომ რამე ჩანს ახალი წინადადებების სახით და თუ ასეთი არ გამოჩნდა, არაფერი არ შეიცვლება ორ კვირაში და ერთ თვეში. გუშინდელი დღე გარკვეული დედლაინი იყო და „ქართული ოცნება“ მიხვდა, რომ მან უნდა იფიქროს წინადადებაზე, რომელიც მისაღები იქნება საზოგადოებისთვის და აღარ უნდა დაიწყოს ვიღაცებზე „ჩალიჩი,“ რომ ვიღაც იქნებ როგორმე შეიყვანოს პარლამენტში“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, მოლაპარაკებების ფასილიტატორები დაფიქრდნენ, რამდენად სასარგებლო იქნება მათი როლი, დიალოგის ფორმატი და ა.შ. მომავალში.

„გზავნილი რჩება ის, რომ ჩვენ, ყველა მხარემ უნდა გავაგრძელოთ ძლიერად მუშაობა. ჩვენ, როგორც ფასილიტატორებმა, გავაგრძელოთ ძლიერად მუშაობა, თუმცა მნიშვნელოვანია, მხარეების ჩიხში შესული პოზიციებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ასევე ჩვენც დავფიქრდით, რამდენად სასარგებლო იქნება ჩვენი როლი, დიალოგის ფორმატი და ა.შ. მომავალი დღეების ან კვირების განმავლობაში,” – განაცხადა ჰარცელმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს