საქართველოსა და აშშ-ს შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში თანამშრომლობა გრძელდება

საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, ონლაინ რეჟიმში შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება იდეების, ინფორმაციის, ტექნოლოგიების გაცვლისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას ქმნის.

„დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან ერთად ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში. აღნიშნული შეთანხმება ქმნის იდეების, ინფორმაციის, ტექნოლოგიების გაცვლისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ამ სფეროების განვითარებას და გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოების კეთილდღეობისა და ეკონომიკური ზრდის საფუძველი გახდება.

ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, რომლის როლი უმნიშვნელოვანესია საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარების კუთხით. მსურს, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ამერიკის მთავრობას, ამერიკელ ხალხს და პირადად ელჩს, კელი დეგნანს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების განვითარების საქმეში შეტანილი უზარმაზარი წვლილისათვის”, - განაცხადა ჩხენკელმა.

კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს წარმატებული თანამშრომლობის გრძელი და წარმოსადეგი ისტორია აქვთ მეცნიერებისა და განათლების სფეროში.

“ურთიერთშეთანხმება საქართველოსა და აშშ-ს შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის 10 წლიანი პერიოდით გახანგრძლივებას ითვალისწინებს. მის მთავარ მიზანს მხარეთა სამეცნიერო და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერება და ორივე ქვეყნის აკადემიურ წრეებს შორის ურთიერთობების გაფართოების ხელშეწყობა წარმოადგენს.

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა განათლების სფეროში მრავალი წელია გრძელდება. ამ ეტაპზე ზოგადი განათლების მიმართულებით ხორციელდება USAID-ის 7 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი – Achieving Student-Centered Education for a New Tomorrow (ASCENT), რომელიც მოსწავლეებს კითხვის, მათემატიკის, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ფართოვდება Fulbright-ის პროგრამა და დაემატება „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტის“ (ETA) კომპონენტი, რომლის მიზანია რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციის პროცესის მხარდაჭერა.

აშშ-ს მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) 140 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მეორე კომპაქტის მიერ საქართველოს განათლების ყველა საფეხურზე განხორციელებულმა უმსხვილესმა ინვესტიციამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებზე. კომპაქტის ფარგლებში 2014-2019 წლებში სრულად რეაბილიტირდა 91-ე საჯარო სკოლა და აღიჭურვა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით. სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 40 ათასამდე მოსწავლისთვის, 20 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი კურსი, შემუშავდა 51 ახალი პროფესიული განათლების პროგრამა.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის დაფინანსებით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალი მაღალი ხარისხის ტექნოლოგიურ და საინჟინრო ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს 2015 წლიდან ახორციელებს. საქართველოს მთავრობასა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის თანამშრომლობის შედეგად 2020 წელს, რეგიონში პირველად, თსუ-ს ორმა საბაკალავრო პროგრამამ მიიღო ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაცია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო