მამუკა მდინარაძე - კეთილი ინებოს ყველამ, მათ შორის, ელისაშვილმა და მისმა პარტიამ, ჩაერთოს საგამოძიებო კომისიაში და დაამტკიცოს, გაყალბდა თუ არა არჩევნები

კეთილი ინებოს ყველამ, მათ შორის, ელისაშვილმა და მისმა პარტიამ, ჩაერთოს საგამოძიებო კომისიაში და თავადვე დაამტკიცოს, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმ არგუმენტის წარმოდგენა, რომ არ მყავდა კომისიაში წევრები და სხვებმა უკეთ იციან, არ არის ბოლომდე დამაჯერებელი,- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ალეკო ელისაშვილის დღევანდელ განცხადებას უპასუხა.

მისი თქმით, ოპოზიციამ ან უნდა დაამტკიცონ გაყალბება, ან საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ.

"გუშინ თუ გუშინწინ ალეკო ელისაშვილი ამბობდა, რომ არჩევნები გაყალბდა, ვერ გამოვიდნენ ამ ნარატივიდან, თუ ასე ამბობს, მაშინ კეთილი ინებოს ყველამ, მათ შორის, ელისაშვილმა და მისმა პარტიამ, ჩაერთოს ამ ფორმატში და თავადვე დაამტკიცოს, გაყალბდა თუ არა, ახლა იმ არგუმენტის წარმოდგენა, რომ არ მყავდა კომისიაში წევრები და სხვებმა უკეთ იციან, გასაგებია, მაგრამ არ არის ბოლომდე დამაჯერებელი. თუ მათ მართლა აქვთ ეჭვი, რომ რაღაც გაყალბებას ჰქონდა ადგილი, მაშინ მათ უზრუნველყონ ის, რომ ერთ პროცენტიანი გაყალბება დაამტკიცონ და ისინი იქნებიან ავტორები და შემოქმედები იმისა, რომ ახალი არჩევნები დაინიშნება. ამიტომ ან აღიარონ, რომ ეს ყველაფერი სპეკულაცია იყო და ვერ გამოდიან იმ ნარატივიდან, რაც არჩევნების ღამისვე დაიწყეს და დაგეგმეს ან თქვან, რომ შეცდნენ, საზოგადოებას ყველამ ერთად მიაყენა შეურაცხყოფა, მოატყუა და ეს ნარატივი არის მათში დაუძლეველი,"- განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის არგუმენტი, რომ “ქართულმა ოცნებამ” ოქმები გადაწერა" და ამიტომ საგამოძიებო კომისიის შექმნას აზრი არ აქვს, სპეკულაციაა.

"ჩვენ დღესაც ვთქვით ბრიფინგზე, რომ ჩვენ ვეპატიჟებით ყველას, მოვიდნენ, ჩაერთონ როგორც საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში, ასევე მათ ვეპატიჟებით განსაკუთრებულად საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვისთვის, რომ მათვე დაამტკიცონ ის, რასაც ამბობენ. თუ აქვთ მათ 1 - პროცენტიანი შანსი იმისა, რომ ასევე, 1 - პროცენტიანი სიყალბე დაადასტურონ მტკიცებულებებით, პრაქტიკულად და არა სპეკულაციურად, როგორც ამას დღეს აკეთებენ, მათ ამის შანსი აქვთ მხოლოდ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, თუ არა და მოუხადონ მაშინ საზოგადოებას ბოდიში, რომ ატყუებდნენ. მათ დარჩათ ვითომ "არგუმენტი", რომ ახლა არის გვიანი, რადგან გადაწერეს ოქმები და ა.შ. შეუძლებელია ობიექტურად და ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა წარმოიდგინოს, რომ 11 300 მათი წარმომადგენლის, კომისიის წევრების ხელმოწერები გაყალბდა ასე მასიურად, ან აიძულა ვიღაცამ 11 300 ადამიანი, რომ მისულიყვნენ და შიშით ან ზეწოლით და მოსყიდვით ხელი მოეწერათ ოქმებზე და დოკუმენტებზე. ბუნებაში არ არსებობს და არ უნდა არსებობდეს ასეთი არგუმენტი, რომ არა ამ დოზის სპეკულაცია და თუ ოდნავ მაინც ადამიანი რაციონალურად აზროვნებს, უნდა მიხვდეს, რომ ასეთი სითავხედე დააჯერო საზოგადოებას, არ უნდა კადრო საკუთარ ამომრჩეველს,"- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისათვის, დღეს ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ თუ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში არ მიიღებს მონაწილეობას "პატრიოტთა ალიანსი," "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო", ისინი ამ კომისიის საქმიანობაში არ ჩაერთვებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა