არასამთავრობო ორგანიზაციები - შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად „კომენდანტის საათის“ ძალაში დატოვება, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობის მიერ შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, „კომენდანტის საათის“ კვლავაც ძალაში დატოვებას ეხმაურებიან და განცხადებას ავრცელებენ.

ხელმომწერი ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ მისი ამ ფორმით არსებობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და შეზღუდვათა შემსუბუქების ფონზე, საქართველოს მთავრობაზე დელეგირებული უფლებამოსილების თვითნებურად გამოყენების კიდევ უფრო ნათელ მაგალითს წარმოადგენს.

„2021 წლის 4 თებერვალს მთავრობამ განაცხადა, რომ 8 და 15 თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდება. თუმცა, ის ისევ არ შეხებია კომენდანტის საათს, რომელიც ხელისუფლების გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკვე რამდენჯერმე განვაცხადეთ იმის თაობაზე, რომ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა იმ ფორმით, როგორც ის დღეს მოქმედებს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. კერძოდ, კომენდანტის საათი დაწესებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით[1] მაშინ, როდესაც, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს კანონის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის მიერ. მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის საქართველოს მთავრობაზე დელეგირება დასაშვებია, თუკი შეზღუდვის წინაპირობებს, მასშტაბსა და შინაარსს კანონი განსაზღვრავს, ხოლო მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ აკონკრეტებს იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი აღსრულება. მართალია „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონი იძლევა მთავრობის მიერ მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის ფორმალურ საკანონმდებლო საფუძველს, თუმცა, ის იმდენად ზოგადი და განუსაზღვრელია, რომ მასში ფაქტობრივად მთავრობაზე ნებისმიერი უფლებამოსილების დელეგირება შეიძლება იქნეს ამოკითხული. აღნიშნული კი თავისთავად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ზემოხსენებულ დელეგირების წესს.

მოქმედი კომენდანტის საათი არათანაზომიერად ზღუდავს პირთა მიმოსვლის თავისუფლებას, აჩენს საფუძვლიან ეჭვს მიზნის მიღწევის გამოსადეგობასთან დაკავშირებით და არ წარმოადგენს უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოხსნას კომენდანტის საათი და შეწყვიტოს COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით ადამიანის უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვა და არაკონსტიტუციური ღონისძიებების გამოყენება“ ,- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები:

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) ;

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRC);

„დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი“ (IDSD);

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ (TI Georgia);

„თანასწორობის მოძრაობა“;

„ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ (RIVG).

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს