ადვოკატი - დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადება სრული ტყუილია, რადგან დავით კეზერაშვილს არანაირი შემხებლობა საარქივო მასალასთან არ ჰქონდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია სიცრუეს უწოდებს პარლამენტის ყოფილი წევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის ბრალდლებას, რომლის მიხედვითაც, მიწათმოწყობის სახელმწიფო კვლევით ინსტიტუტში დაცული საარქივო მასალა დავით კეზერაშვილის მიერ განადგურდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ბასილაია განმარტავს, ლორთქიფანიძის განცხადებები სახელისუფლებო პროპაგანდის გაგრძელებაა, რომლის მიზანიც ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

„ეს არის სრული ტყუილი, რადგან დავით კეზერაშვილს არანაირი კავშირი და შემხებლობა საარქივო მასალასთან არ ჰქონდა და ვერც ექნებოდა.

მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო პროპაგანდა ჩაფლავდა კარტოგრაფების საქმეზე, ღარიბაშვილის ორკესტირებით დაიწყო ახალი, ცრუ ფაბრიკაციული საქმე, რომლის მიზანი არის საქართველოს ეროვნული ინტერესების შელახვა, რომელიც ფეიკინფორმაციებზეა დაფუძნებული. ამის ნათელი დასტურია დიმიტრი ლორთქიფანიძის დღევანდელი განცხადება პროკურატურაში დაკითხვაზე შესვლამდე. როდესაც ის უთითებს, რომ თითქოს, გარკვეული რუკები წინა ხელისუფლების მიერ იქნა განადგურებული. ეს სრული ტყუილია, ამ საკითხთან დაკავშირებით ლორთქიფანიძე საჯაროდ ჯერ კიდევ ოქტომბერში საუბრობდა, მაგრამ მაშინ პროკურატურას სერიოზულადაც არ ჩაუთვლია, ის პროკურატურას მოუწოდებდა დაინტერესებისთვის, თუმცა, წერილობით რატომ არ მიმართა, ესეც უცნობია, თუ ასეთი პატრიოტული აღტკინება ჰქონდა და ასეთ ინფორმაციას ფლობდა, ეს არის ლუსტრირებული ტყუილი, სპექტაკლი. ამავდროულად, ყურადღება უნდა მიექცეს იმას, ვის მიერ ხორციელდება საზოგადოებაში ამ ტყუილის ტირაჟირება - რუსული პროპაგანდისტული, რუსული სამთავრობო, რუსული საბიუჯეტო ორგანიზაციის - პრიმაკოვის ფონდის თავმჯდომარე საქართველოში. როგორ შეიძლება ვირწმუნოთ, რომ ამ ადამიანს პროქართული, ეროვნული, ქართული განწყობა აქვს, ეს ხომ ტყუილია! ამავდროულად, ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ მნიშვნელოვან დეტალსაც, ლორთქიფანიძე არავითარ კონკრეტიკას არ უთითებს, რადგან ასეთი ფაქტები არ არსებობს და იგონებს. ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ბატონი ბოჭორიშვილის სატელეფონო საუბარი გავიდა, რომელიც აბსოლუტურად უარყოფს რაიმე ტიპის რუკების გაქრობას, ან რაიმე ტიპის დავალებას. შესაბამისად, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებები სახელისუფლებო პროპაგანდის გაგრძელებაა, რომლის მიზანიც ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და მრავალი გულწრფელი პატრიოტისთვის თვალის ახვევა, მოტყუება და ისეთი განწყობის შექმნაა, რაც რეალობას არ შეესაბამება“, - განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯის საკითხზე საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის დიმიტრი ლორთქიფანიძის გამოკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც ლორთქიფანიძემ გამოკითხვის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საგამოძიებო უწყებას თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით მიაწვდის ინფორმაციას. კერძოდ, ლორთქიფანიძის განმარტებით, მიწათმოწყობის სახელმწიფო კვლევით ინსტიტუტში დაცული საარქივო მასალა თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის მიერ განადგურდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა