მაია ცქიტიშვილი - თითოეული გადაწყვეტილება ეფუძნება ბალანსის პოვნას ეკონომიკასა და თანამოქალაქეების ჯანმრთელობას შორის

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის თითოეული გადაწყვეტილება რეგულაციებთან დაკავშირებით, ეფუძნება ბალანსის პოვნას ეკონომიკასა და თანამოქალაქეების ჯანმრთელობას შორის.

მანვე აღნიშნა, რომ არცერთი ხელისუფლებისთვის არ არის მარტივი არაპოპულარული ღონისძიებების მიღება.

“რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი ინტერესია, მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომელიც ჩვენს მოსახლეობას ან ბიზნესს ესიამოვნება, მაგრამ სამწუხაროდ, უკვე ერთი წელია ვცხოვრობთ პანდემიის პირობებში და თითოეული გადაწყვეტილება, ეპიდემიის დაწყების პირველივე დღიდან, ეფუძნება ბალანსის პოვნას ეკონომიკასა და თანამოქალაქეების ჯანმრთელობას შორის.

თვეების წინ, როცა დღეში ინფიცირების ხუთი ათასამდე შემთხვევა ფიქსირდებოდა, სხვადასხვა სახის ბიზნესის გაყიდვები 40%-ით ნაკლები იყო, რადგან ადამიანებს ეშინოდათ რესტორანში მისვლა თუ სავაჭრო ობიექტებში საქონლის შეძენა”, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილის თქმით, ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ თითოეული შეზღუდვა ავტომატურად ეკონომიკურ განვითარებაზე უარყოფით ზეგავლენას ნიშნავს, რაც პირდაპირ აისახება მოქალაქეების კეთილდღეობაზე.

“საბედნიეროდ, ამ ორი თვის განმავლობაში, წარმატებით შევძელით ინფექციის გავრცელების მართვა, რამაც მოგვცა თამამი ნაბიჯების გადადგმის საშუალება. ჩვენ უფრო გვინდა შეზღუდვების მოხსნა, ვიდრე ეს შეიძლება უნდოდეს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, მაგრამ ძალიან კარგად გვესმის რამხელა პასუხისმგებლობას ვატარებთ როგორც ეკონომიკურ განვითარებაზე, ისე თანამოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ასეთ დესტრუქციულ ძალებს არ შეიძლება არ ესმოდეთ თუ რამდენად სახიფათოა დაუმორჩილებლობისადმი მოწოდებები და იმ განცდის შექმნა, რომ პანდემია თითქოს აღარ არსებობს, რომ მსოფლიომ პანდემია უკვე დაამარცხა და ამიტომ, არ გვჭირდება არანაირი შეზღუდვა, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ 500-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს დღეში. შეგახსენებთ, რომ ზაფხულის ბოლოს 30-40 შემთხვევა გვქონდა და ძალიან სწრაფად მოხდა შემდგომ ვირუსის გავრცელება,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ევროპის ქვეყნების გამოცდილებაზე, სადაც ბევრად მძლავრი ჯანდაცვის სისტემებია და მიუხედავად ამისა, თითქმის სრულადაა აკრძალული ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობა და მოქალაქეების სახლიდან გასვლაც კი.

“ასეთ დროს, როცა საქართველოში გვაქვს შედარებით მსუბუქი წერტილოვანი შეზღუდვები, ვითარების წარმოჩენა, რომ ეკონომიკა გაჩერდა და ხელისუფლება ძალადობს ადამიანებზე, არის უპასუხისმგებლო, რაც აისახება ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს