ვახტანგ კალოიანი - ბავშვებისთვის პირბადის ტარება აბსოლუტურად უსაფრთხოა და მშობლებს შეუძლიათ შვილებს საკლასო ოთახებში პირბადის გამოყენების უფლება თავისუფლად მისცენ

ექიმ ვახტანგ კალოიანის განცხადებით, ბავშვებისთვის პირბადის ტარება აბსოლუტურად უსაფრთხოა, რის შესაბამისადაც, ის მშობლებს ურჩევს, მათ საკლასო ოთახებში პირბადის გამოყენების უფლება თავისუფლად მისცენ.

როგორც კალოიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საკლასო ოთახში პირბადის ტარება აუცილებელია, რადგან ეს უსაფრთხოების მინიმალური ზომაა.

„რაც შეეხება შესვენების პერიოდს, თავისუფლად შეიძლება ამ პირბადის მოხსნა გარე სივრცეში, სკოლის სტადიონებზე, ბაღში და ეს იქნება გარკვეული შეღავათი. არანაირი განსაკუთრებული საფრთხის შემცველი, თუ პირბადეს სწორად ვიყენებთ, ვცვლით პერიოდულად, არ არის ბავშვებისთვის და მათი განვითარებისთვის. ხაზს ვუსვამ, რომ ყველა ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე ექიმი და თუ მას აქვს პრობლემები ფილტვებთან დაკავშირებით, სუნთქვის ორგანოებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პირბადის გაკეთება ან მოხსნა უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციით. მაგრამ თუ ბავშვი ჯანმრთელია და არანაირი თანმხლები პრობლემა არ აქვს, პირბადე აბსოლუტურად უსაფრთხოა“, - განაცხადა კალოიანმა.

ამასთან, კალოიანის თქმით, პანდემიის პერიოდში ბავშვებში პრობლემებმა იჩინა თავი, მათ შორის გამოიკვეთა როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური პრობლემები.

„რა თქმა უნდა, ჩაკეტილი ყოფნა ძალიან დიდ პრობლემებს იწვევს და ძალიან ბევრი კვლევა მოდის ამასთან დაკავშირებით. რჩევები ყოფით დონეზე არის, რაც შეიძლება ხშირად, სადაც კი ამის საშუალება გვაქვს, ბავშვები გავიყვანოთ გარეთ, რისკების დაცვით. ასევე, ვაიძულოთ ხელისუფლება, გახსნას არა სარესტორნო ბიზნესი, რაც სარიკოსოა, არამედ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სასწავლო დაწესებულებები, რომლის დაკეტვასაც დიდი ეპიდემიოლოგიური ღირებულება არ აქვს, თუ შესაბამისი კონტროლი მიდის იქ. მშობლებისთვის რეკომენდაციაა, რომ ბავშვი რაც შეიძლება დიდხანს იყოს გარეთ აქტიურ მდგომარეობაში, ფიზიკური დისტანცირების პირობებში. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რამაც შეიძლება ეს მძიმე ვითარება და წონის პრობლემა აგვაცილოს თავიდან. სანამ ბოლომდე არ აღდგება სოციალური ცხოვრება, სანამ არ გვექნება ბავშვების თეატრებში, კინოში, პარკებში, გასართობ ცენტრებში წაყვანის საშუალება, სამწუხაროდ, არ არსებობს იდეალური რეკომენდაცია და ეს პრობლემა მუდმივად იარსებებს. იქნება 15 წუთი, ნახევარი საათი თუ მეტი, ბავშვები მაქსიმალურად გვყავდეს გარეთ და მივცეთ მათ ფიზიკური დატვირთვის საშუალება, რათა მოწყდნენ ეკრანს, მოწყდნენ ერთფეროვან გარემოს და დახარჯონ ფიზიკური ენერგია, რაც მათი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კალოიანმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა