პოლიტიკის ექსპერტის, ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, საერთო ეროვნული შეთანხმება იმაზე მეტია, ვიდრე მრავალპარტიული პარლამენტი, თუმცა, ბოლო 4 წლის მანძილზე ხელისუფლება იყენებს პრინციპს „ერთმანეთს წაკიდე და ამის ხარჯზე იბატონე“.
ლაგაზიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძის „დიდი ეროვნული შერიგების“ იდეას მიესალმება, რადან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ერი საერთო სახელმწიფოებრივი მიზნის და ღირებულებების გარშემო გაერთიანდეს.
„ამის გარეშე ერის და სახელმწიფოს არსებობა წარმოუდგენელია. მთავარი გამოწვევა დღევანდელობის ის არის, რომ ეს ერთიანობა არ გვაქვს. საით მიდის სახელმწიფო, თუ არ იცის ერთის მხრივ ხელისუფლებამ და მეორე მხრივ, მთლიანად საზოგადოებამ, წარმოუდგენელია იმ ერის და სახელმწიფოს განვითარებაზე საუბარი. ბოლო 8 წლის მანძილზე და განსაკუთრებით დღევანდელობის გამოწვევა არის ის, რომ არ ვიცით საით მივდივართ და როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ, ამიტომაც ვერ მივდივართ ვერსაით. შესაბამისად, როდესაც ერთ ადგილს ვტკეპნით ეს არის გზა ჭაობისკენ და არა განვითარებისკენ“, - განაცხადა ლაგაზიძემ.
მისივე თქმით, ბოლო 4 წლის მანძილზე ძალიან თვალსაჩინოა ხელისუფლების მხრიდან „დაყავი და იბატონეს“ პრინციპი კი არა მხოლოდ, არამედ „ერთმანეთს წაკიდე და ამის ხარჯზე იბატონე“-ს პრინციპი.
„დაქსაქსე ერთიანი სახელმწიფოებრივი სხეული რაც შეიძლება ბევრ ერთმანეთზე წაკიდებულ ნაწილად და ამ შუღლის და ურთიერთგაუტანლობის ფონზე შენ იბატონე - ეს არის „ქართული ოცნების“ პრინციპი, დამანგრეველი პრინციპი სახელმწიფოებრიობისთვის. ეს შემთხვევითი რამე არ არის და არც უცოდინრობით მოსდით. ეს არის მიზანმიმართული პრინციპი, რომ არ გაერთიანდეს ერი, სახელმწიფო და საზოგადოება ერთი საერთო მიზნის გარშემო. საზოგადოებრივი ენერგია რომ ჩაიხარშოს და ჩაიფუშოს ამ ურთიერთგაუტანლობაში, ბრალდებებში და შუღლში, ამისთვის აკეთებს ამას ხელისუფლება. ეს კი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, მის ტაქტიკას და სტრატეგიას ეხმიანება, ამით კი, სახელმწიფოს შენება გვერდზე რჩება.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ერთიანი სახელმწიფოებრივი ღირებულებების, მიზნის გამოკვეთა და ამის გარშემო საზოგადოების და სახელმწიფოს გაერთიანება. ამისთვის აუცილებელია საერთო ღირებულებებზე შეჯერება. როგორ უნდა მოხდეს ეს, გაცილებით რთული საკითხია. პირველი რიგის ამოცანაა, რომ მოინახოს საერთო შეხების წერტილები, ღირებულებების შკალა, რომელზე შეთანხმებითაც ჩვენ გამოვალთ ურთიერთშუღლის და ბოღმის ჩაკეტილი წრიდან. ეს აუცილებლად გადის სრულიად შეცვლილ საინფორმაციო პოლიტიკაზე და რიტორიკაზე ორივე მხრიდან. მინიმუმ, პირველი ეტაპის ამოცანაა, რომ პოლიტიკური სპექტრი შეჯერდეს და ურთიერთშუღლის, ბრალდებების, წაკიდების რიტორიკაზე თქვან უარი საინფორმაციო სივრცეში. ეს ეხება როგორც ტელევიზიებს, ასევე, სოციალურ ქსელებს და ბიზნესმედიას. მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამის გარეშე „ქართული ოცნების“ არსებობა ვერ წარმომიდგენია. ეს საუბედუროდ, მის არსად იქცა, ეს არის „ოცნების“ მართვის სტილი, ღერძი. ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ მეტი არა, ვიდრე მრავალპარტიული პარლამენტი. თუ ეს დამღუპველი პრინციპი შენარჩუნდა, მაშინ არაფერს აზრი არ ექნება. საჭიროა ახალი იდეები, რომ ოპოზიცია წელში გაიმართოს და დაუახლოვდეს საკუთარ ამომრჩეველს, რადგან ოპოზიციის ამომრჩეველიც მიიჩნევს, რომ დღეს ის მიტოვებულია. კარგია, რომ იდეა და ინიციატივა არსებობს. ჩვენ უნდა ამოვიღოთ ზიზღის და შუღლის ენა ყოველდღიური ცხოვრებიდან, უნდა დამთავრდეს „ფეიკნიუსების“ გავრცელება პოლიტიკურ ოპონენტებზე და უნდა მოხდეს ერთობლივი მონიტორინგი საიტებზე და სოციალურ ქსელებში ვინც ამ „ფეიკნიუსებს“ ავრცელებენ, მაგალითად, შეიქმნას ერთგვარი ნდობის ჯგუფი მონიტორინგისთვის ორივე მხარის წარმომადგენელთა მონაწილეობით. ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი საერთო ეროვნული შერიგებისკენ და ნდობის აღდგენისკენ, რაც მთავარია. როგორც კი ამ სამ პუნქტზე დაიწყება მოლაპარაკებები, გარწმუნებთ, სხვანაირ საქართველოში ვიცხოვრებთ“, - განაცხადა ლაგაზიძემ.
რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას ყველაზე რეალისტურ გამოსავლად მიაჩნია სრულად პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით 2022 წლის გაზაფხულზე - ახალი საარჩევნო სისტემით და ცესკო-ს ახალი შემადგენლობით, ლაგაზიძე ამბობს, რომ „ესეც განხილვის თემაა“.
„მაგრამ მე ასე ვუყურებ, რომ ეს შეიძლება იყოს ამ დიდი ეროვნული შერიგების ერთ-ერთი საკითხი. მაგრამ პრობლემა გაცილებით ღრმაა. თუკი ამაზე წამოვა ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ვადამდელი არჩევნების საკითხი არ უნდა მიჩუმათდეს. თუმცა, საერთო ეროვნული იდეა მხოლოდ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე არ უნდა დავიდეს“, - განაცხადა ლაგაზიძემ.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ყველაზე რეალისტურ გამოსავლად მიგვაჩნია სრულად პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით 2022 წლის გაზაფხულზე - ახალი საარჩევნო სისტემით და ცესკო-ს ახალი შემადგენლობით. ხაზარაძე აცხადებს, რომ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მოხდეს სასამართლოს რეფორმირება, მძლავრი ეკონომიკური პროგრამის შექმნა, ქვეყნისთვის ფუნქციის დაბრუნება, ყველა ინტელექტუალური ძალის, სამოქალაქო საზოგადოების მობილიზება და უნდა შედგეს - დიდი ეროვნული შერიგება!