იქამდე, სანამ მმართველი პარტია დათმობაზე არ წამოვა და მოლაპარაკების მაგიდაზე კომპრომისული წინადადებით არ მოვა, ახალი არჩევნების ჩატარების ვადებზე საუბარი არაფრის მომტანი არაა- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ, "ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
ხატი დეკანოიძის თქმით, ყველა პარტიას აქვს უფლება ნებისმიერი სახის განცხადება გააკეთოს. მათ შორის ისაუბრონ ვადებზე, რომელიც მათთვის მისაღებია. "დიდი პატივისცემა ჩვენგან "ლელოს" და მის ლიდერებს, მაგრამ ჩვენი ნება განსაზღვრულია ჩვენი ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის ორგანოთი- პოლიტსაბჭოთი, სადაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახალი არჩებნები მიმდინარე 2021 წელს უნდა ჩატარდეს. სანამ მმართველი პარტია არ წამოვა დათმობაზე და მოლაპარაკების მაგიდაზე კომპრომისული წინადადებით არ მოვა, ვადებზე საუბარი არაფრის მომტანი არაა", - განაცხადა მან.
ცნობისთვის, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ყველაზე რეალისტური გამოსავალია ჩატარდეს სრულად პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით 2022 წლის გაზაფხულზე - ახალი საარჩევნო სისტემით და ცესკო-ს ახალი შემადგენლობით. როგორც ხაზარაძე აცხადებს, "ლელო" და დანარჩენი ოპოზიცია, რომელსაც გაუყალბეს და მოპარეს არჩევნები, არ აპირებს ამასთან შეგუებას და პარლამენტში შესვლას.