გენადი არველაძის თანათავმჯდომარეობით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის შეხვედრა გაიმართა

3-4 თებერვალს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის მეშვიდე შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ DCFTA-ს განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებებისა და ევროკომისიის შესაბამისი დირექტორატების წარმომადგენლები.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულ მხარეს ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ევროკავშირის მხარეს - ევროკომისიის ვაჭრობის გენერალური დირექტორატის ევროპისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს განყოფილების უფროსი იგნასიო ირუარიზაგა დიეზი.

„კომიტეტის სხდომის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის ტენდენციები და COVID-19 ის გავლენა, ასევე საჯარო შესყიდვების, კონკურენციის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, საბაჟოსა და ვაჭრობის ხელშეწყობის, მომსახურებით ვაჭრობისა და სხვა სფეროებში DCFTA-ის განხორციელების მხრივ საქართველოს პროგრესი. ევროკომისია მიესალმა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად რჩება და ქვეყნის საგარეო ვაჭრობის თითქმის მეოთხედი მასზე მოდის. ევროკომისიის დელეგაციამ აღნიშნა, რომ 2019 წელს ევროკავშირში ექსპორტიორი ქართული კომპანიების რიცხვი გაიზარდა, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისა და ახალი ეკონომიკური ოპერატორებისათვის ევროკავშირში ექსპორტისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე მიუთითებს. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ევროკომისიას საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ინიცირებული ცვლილებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ევროკომისიამ დადებითად შეაფასა ქართულის მხარის ძალისხმევა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის შემუშავებასა და DCFTA-ით გათვალისწინებული დაახლოების პროცესის I ფაზის დასრულებაში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დავების განხილვის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს შექმნაზე. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს ეფექტიანი თანამშრომლობისთვის, რის შედეგდაც 2020 წელს ცხოველების საკვებიც დაემატა იმ ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების სიას, რომელთა ექსპორტიც შესაძლებელია ევროკავშირის ბაზარზე. ამ მიმართულებით გრძელდება მუშაობა ისეთი პროდუქტებისთვის ბაზრის გახსნის მიზნით, როგორიცაა აკვაკულტურის პროდუქტები და დედა ფუტკარი. აღსანიშნავია რომ ევროკავშირმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა სამომხმარებლო და ინდუსტრიული პროდუქტების იმპორტისას ბაზარზე ზედამხედველობის შეუფერხებელი ადმინისტრირების მიზნით საბაჟო დეპარტამენტსა და ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლობით შექმნილი წინასწარი დეკლარირების ელექტრონული პლატფორმის მიმართ, რაც კერძო სექტორზე ორიენტირებულ ერთგვარ ინოვაციურ გადაწყვეტას წარმოადგენს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ევროკავშირმა ასევე დადებითად შეაფასა საბაჟო სფეროში 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები, განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის ვაჭრობაზე ნეგატიური ეფექტების შემცირებისა და თავიდან აცილების მიმართულებით.

„ქართულმა მხარემ კომიტეტის შეხვედრის ფარგლებში ევროკომისიას განუცხადა მზაობა ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ორმხრივი აღიარების შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ინიცირებისთვის. ევროპული მხარის ინფორმაციით ევროკომისია ჩაატარებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შედეგების შეფასების კვლევას, რომლის ანგარიშიც გამოქვეყნდება მომავალი წლის აპრილის თვეში. ევროკომისიის დელეგაციამ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ DCFTA-ით აღებული ვალდებულებების განხორციელების პროგრესს და გამოხატა მზაობა ამ პროცესში საქართველოს დახმარების გაგრძელების თაობაზე. ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტი არის ასოცირების შეთანხმების, DCFTA-ს განხორციელების მმართველი ორგანო, რომელიც, შეთანხმების თანახმად, იკრიბება წელიწადში ერთხელ, მორიგეობით - თბილისსა და ბრიუსელში. COVID-19 ის პანდემიიდან გამომდინარე, შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
ქართული პრესის მიმოხილვა 04.03.2021
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
შეფუთვის ვინტაჟური სტილი და ევროპული სტანდარტების ქარხანა - „ვაკე“ 2021 წელს სიახლეებით იწყებს
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან