თეა ახვლედიანი - ვგმობთ უკანონო სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია

ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ უკანონო სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია",- ამის შესახებ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა. როგორც თეა ახვლედიანი აცხადებს, შიდა და საერთაშორისო რესურსის გამოყენებით ინტენსიურად იმუშავებენ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად.

„ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ უკანონო სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს იანვრის გადაწყვეტილებით, რუსეთს, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, ცალსახად ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ადგილზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან დაკავშირებით.

უკანონო დაკავებები ჩვენი ხელისუფლების უმწვავესს გამოწვევას წარმოადგენს, რაც 2008 წლის ოკუპაციის მძიმე შედეგია. ჩვენ ყველა შიდა და საერთაშორისო რესურსის გამოყენებით ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას, რათა უკანონოდ დაკავებული ყოველი ჩვენი მოქალაქე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. ბოლო პერიოდის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ჟენევის თანათავმჯდომარეებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ ამ და სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებული თემატიკის სრულ სპექტრზე და ცენტრალური ხელისუფლების, ისევე როგორც საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ყოველი ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქე დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს",-განაცხადა ახვლედიანმა.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათივე ინფორმაციით, გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს