ნიკა მელია პროკურატურაში გაფრთხილების ოქმის ასაღებად არ გამოცხადდა, ადვოკატი კი აცხადებს, რომ მის ნაცვლად ოქმს ვერ ჩაიბარებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაფრთხილების ოქმის ასაღებად არ გამოცხადდა, მისი ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი კი უწყებაში არ შესულა.

კონდახიშვილის განმარტებით, გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას წერილობითი გაფრთხილება უნდა ჩააბაროს, თავად კი აღნიშნულს ვერ ჩაიბარებს, ვინაიდან ოქმში მელიას უფლებები და ვალდებულებები უნდა განუმარტონ.

ადვოკატისთვის უცნობია, თუ რა ინსტრუმენტებს გამოიყენებს უწყება ნიკა მელიასთან მიმართებაში, ვინაიდან უფლებადამცველის თქმით, ეს ყველაფერი კანონს მიღმა ხდება.

გიორგი კონდახიშვილი ასევე განმარტავს, რა პროცედურები უნდა გაიაროს საქმემ, რომ მელია დააპატიმრონ.

“პროკურატურამ რატომ გააქტიურა აღნიშნული საკითხი დღეს, მაშინ როცა მათივე განცხადებაში 2 თვის წინ იყო გირაოს გადახდის თემატიკა, რა ერთკვიარიან ვადას აძლევენ, რომელი კანონმდებლობით ხელმძღვანელობენ, ჩემთვის გაუგებარია. არაფერი მიკვირს, ნიკა მელიას საქმე პირველივე დღიდან პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითია, როცა პოლიტიკურად აქტიური თემაა, მაშინ ააქტიურებენ არამხოლოდ ნიკასთან მიმართებაში, არამედ სხვა პოლიტიკურ ლიდერებთანაც. პროცედურულად, ნიკა მელიას უნდა განუმარტონ შესაბამისი ოქმით ვალდებულებები, მათ შორის, გირაოს გადახდასთან დაკავშირებით, რაც ჯერ არ მომხდარა. ამის შემდეგ, ვინაიდან ნიკა მელია პარლამენტის მოქმედი წევრია, 2 თვის განმავლობაში მისი განცხადების მიუხედავად, აღნიშნულ უფლებამოსილებას არ უწყვეტენ, ერთადერთი გზა, რაც პროკურატურას რჩება მოქმედი კანონმდებლობით, ეს არის, რომ ჯერ უნდა გააფრთხილონ ნიკა და ამის შემდეგ პარლამენტს მიმართონ. ის პროცედურა, რაც დაახლოებით, ერთი წლის წინ ვიხილეთ, ხელახლა უნდა გაიარონ, საქართველოს პარლამენტისგან ნებართვა უნდა მიიღონ ნიკა მელიასთან მიმართებაში, რომ დაპატიმრებით სასამართლოს მიმართონ. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი სასამართლოსთვის მიმართვა.

განჩინებაში ერთმნიშვნელოვნადაა აღნიშნული, რომ პროკურატურა ვალდებულია ნიკა მელიას უფლებები განუმარტოს, შეუდგინოს ოქმი",- აცხადებს კონდახიშვილი.

მისივე თქმით, მელიას გირაო ერთხელ უკვე გადახდილი აქვს, ნოემბერში მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება კი უკანონოა.

"სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო იყო საფუძველშივე, ნიკა მელიას გირაო შეფარდებული ჰქონდა და თავის დროზე გადახდილიც აქვს, თუმცა, ის რაც ნოემბერში მოხდა, აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილება იყო. ჩვენ ვაცხადებდით, რომ ამ გადაწყვეტილებას ლეგიტიმურობა არ გააჩნდა. ნიკამ საჯაროდ განაცხადა, რომ ამ ბრძოლაში, ამ ფარსში არ აპირებს მონაწილეობის მიღებას. თუკი გირაო არალეგიტიმურია და გადაწყვეტილება, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი საფუძვლები, ის კანონიერი მოთხოვნის უფლებას არ წარმოადგენს.

მე ადვოკატი ვარ და ნიკას ნაცვლად ვერანაირ ოქმს ვერ ჩავიბარებ. ყველა ნაბიჯი, დაწყებული აღკვეთის ღონისძიებიდან, დამთავრებული მის მიმართ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტით, უკანონოა, ის თავის დროზე უკანონოდ გააგდეს პარლამენტიდან",- აცხადებს ადვოკატი.

მისივე განმარტებით, მომდევნო პროცედურებთან დაკავშირებით, განმარტება და განცხადება პროკურატურამ უნდა გააკეთოს, კონდახიშვილის თქმითვე, გირაოს გადახდასთან დაკავშირებით, სასამართლოს განჩინებაში 50 დღე ჰქონდა მითითებული, რომელიც დეკემბერში გავიდა. შესაბამისად, ადვოკატისთვის გაუგებარია, პროკურატურა ნიკა მელიას 7-დღიან ვადას რის საფუძველზე აძლევს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო