
იმისთვის, რომ საქართველოს თემატიკა დარჩეს დღის წესრიგში, ამას დასჭირდება უფრო მეტი მუშაობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან,- ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარს.
როგორც კაპანაძე აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნისთვის პრობლემატური საკითხებს უნდა გადახედოს.
„ძალიან კარგი და მისასალმებელია, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი დანიშვნის შემდეგ ლავროვთან პირველივე დიალოგში, მათ შორის, საქართველოს თემაზე საუბრობს. ჩვენ გვახსოვს მისი წინა მოღვაწეობა სახელმწიფო დეპარტამენტში. ჩვენ მასთან ძალიან კარგი ურთიერთობები გვქონდა. როგორც ჩანს, აპირებს საქართველოს და უკრაინის თემატიკა დატოვოს დღის წესრიგში და მიაქციოს ყურადღება, რაც მისასალმებელია.
ბუნებრივია, ამას დასჭირდება კიდევ უფრო მეტი მუშაობა ხელისუფლების მხრიდან, კიდევ უფრო მეტი აქტიურობა და მუდმივად შეხსენება იმისა, რომ საქართველოს თემატიკა არის სერიოზული საკითხი.
ასევე გადახედვა დასჭირდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რამდენიმე საკითხს, რომლებიც აქამდე პრობლემატური იყო, მათ შორის რუსეთზე სანქციების საკითხს, უკრაინასთან ურთიერთობებს და სხვა თემებს, რომლებიც აქამდე პრობლემა იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორებისათვის რუსეთთან ურთიერთობებში, რის გამოც, როგორც წესი, საქართველოს საკითხს არ წევდნენ ხოლმე დღის წესრიგში ზემოთ",- განაცხადა კაპანაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა. სახელმწიფო მდივანმა, სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრა რუსეთის ჩარევაზე 2020 წელს, შეერთებული შტატების არჩევნებში, რუსეთის სამხედრო აგრესიაზე უკრაინასა და საქართველოში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"