გრიგოლ გეგელია - საქართველოს ხელისუფლებას სძინავს, მსოფლიოს 81 ქვეყანაში კი ვაქცინაცია უკვე დაწყებულია

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას სძინავს, რადგან მსოფლიოს 81 ქვეყანაში ვაქცინაცია უკვე დაწყებულია. ამის შესახებ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოხერხებული და ეფექტური სახელმწიფოებისგან განსხვავებით, საქართველო ვაქცინის მოსაპოვებლად საერთაშორისო კავშირებს, დიპლომატიასა და საგარეო კომუნიკაციას ვერ იყენებს.

„სანამ საქართველოს ხელისუფლებას სძინავს, მსოფლიოს 81 ქვეყანაში ვაქცინაცია უკვე დაწყებულია. ჩვენ COVAX პლატფორმის რიგში ვდგავართ, საიდანაც ვაქცინის მიღების თარიღებიც უცნობია, არაერთმა სახელმწიფომ სწორი საგარეო კომუნიკაციის და გამჭრიახობის შედეგად უკვე მოახერხა ვაქცინის მოპოვება. მათ შორისაა: უკრაინა, სერბეთი, ისრაელი, ბანგლადეში, მექსიკა, აფრიკული კავშირი. მაგალითისთვის, უკრაინამ 12 მილიონი დოზა მოიპოვა, აფრიკულმა კავშირმა 400 მილიონი დოზა, სერბეთმა 1 მილიონი, ბანგლადეშმა 30 მილიონი. საქართველომ კი ვერაფერი. სახელმწიფომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა იზრუნოს ვაქცინის მოსაპოვებლად, რათა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები უსასყიდლოდ აიცრას. დღეს ეს უმთავრესი გამოწვევაა საჯარო სიკეთის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამისათვის, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და დიპლომატიურმა კორპუსმა ეროვნული ინტერესის განსახორციელებლად ყველა ძალისხმევა უნდა გამოიყენოს. სამწუხაროდ, დღეს ამის კვალი და მცდელობა არსად ჩანს, რაც ჯანდაცვის კრიზისს და ქართული ეკონომიკის ჩამოქცევის პროცესს ახანგრძლივებს”, - განაცხადა გეგელიამ.

მანევე აღნიშნა, რომ საქართველოში კომერციული ვაქცინა უნდა შემოვიდეს, რადგან ეს ერთი მხრი, ვაქცინაციის პროცესს დააჩქარებს, ხოლო მეორე მხრივ, ვირუსის გავრცელების სიხშირეს შეამცირებს.

„ჩვენ ვემხრობით, რომ საქართველოში შემოვიდეს კომერციული ვაქცინა. ერთი მხრივ, ეს დააჩქარებს ვაქცინაციის პროცესს, შეამცირებს ვირუსის გავრცელების სიხშირეს და დაახლოებს იმ დროს, როდესაც ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით. მეორე მხრივ, ეს იქნება შეღავათი ღარიბი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისათვის, რადგან ამ გზით დაიზოგება მნიშვნელოვანი ოდენობით ვაქცინა, რომელიც სახელმწიფომ ყველაზე დაუცველ სოციალურ ჯგუფებს უსასყიდლოდ უნდა გადასცეს. შესაბამისად, ეს მექანიზმი გულისხმობს უფრო მეტ ვაქცინას უფრო სწრაფად იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ გააჩნია ამის ფინანსური შესაძლებლობა. ამიტომ, ეს არის ერთდროულად უფრო სამართლიანი, უფრო სწრაფი და უფრო ეფექტური პრინციპი, რომელიც შესაძლებელს გახდის ჯანდაცვის რისკების შემცირებას და ნორმალური ცხოვრების უფრო მალე ჩამოდგომას. სამწუხაროდ, მანამ სანამ გაუგებარი რჩება თუ რაში იხარჯება კოლოსალური საგარეო დახმარება და სესხები, გასაგები და ნათელია, რომ სახელმწიფო ვერც საერთაშორისო კონტაქტებს და დიპლომატიურ არხებს იყენებს, ვერც ვაქცინაციის ნათელი გეგმის წარმოდგენას ახერხებს და არც კომერციულ მოდელზე გააჩნია პოზიცია. ამ უსუსური პოლიტიკის შედეგი კი ჯანდაცვის კრიზისის გახანგრძლივება, მეტი სიღარიბე და ქართული ეკონომიკის ჩამოქცევაა”, - განაცხადა გეგელიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა