გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ზ.ხ.-ს ადვოკატი - პროკურატურის განცდები და შფოთვები, რომ მახარაძე ცრუ ჩვენებას მისცემს, ტყუილია

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, პროკურატურამ დასაკითხ პირთა სიიდან ბრალდებული ვასილ მახარაძე ამოიღო, ვინაიდან სიმართლის დამალვა უნდათ.

როგორც გელხაური განმარტავს, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ვასილ მახარაძე დაადასტურებს, რომ მასთან ერთად "ტოიოტა ქამრიში" ზ.ხ. და კიდევ ერთი ბრალდებული იჯდა.

"რატომ არ დაკითხა ბრალდების მხარემ ვასილ მახარაძე? მათაც ჰყავდათ დასაკითხ პირთა სიაში და უარი განაცხადეს, რომ დაეკითხათ. ამას აკეთებენ ერთი რამის გამო, რომ დამალონ ის რეალობა, რაც 19 ივნისს მცხეთაში მოხდა, დამალონ ის რეალობა, რაზეც ვასილ მახარაძე საუბრობს. იმედი გვაქვს, რომ მახარაძე ისეთ ჩვენებას მისცემს, რაც რეალობას ასახავს. იმედი გვაქვს, ის იტყვის ვინ იჯდა მასთან ერთად მანქანაში, როცა ფერად შენობასთან მივიდა. პროკურატურის განცდები და შფოთვები, რომ მახარაძე ცრუ ჩვენებას მისცემს, ტყუილია. იმედი გვაქვს, რომ ბრალდებული სასამართლოს და მართლმასჯულებას დაანახებს, იმ ღამეს რეალურად რა მოხდა. ზუსტად ამას ემსახურებოდა მისი არ გამოძახება პროკურატურის მხრიდან, მათ არ აინტერესებთ სასამართლოს რეალობა დაანახონ, თუ რა მოხდა მცხეთაში.

როცა ვასილ მახარაძე მანქანის მოსატრიალებლად წავიდა, რომ ის ფერად შენობასთან მიეყვანა, მასთან ერთად ორი პირი იჯდა, ამას თავად ვასილ მახარაძეც განაცხადებს იმედია. აღნიშნული ფაქტი ვიდეოჩანაწერითაც დასტურდება, რაც ჩვენ სასამართლოში გვაქვს წარდგენილი. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ მანქანაში 3 პირი ჯდება და მათ კავშირი არ აქვთ იქ მიმდინარე მოვლენებთან",- განაცხადა გელხაურმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან. რაც შეეხება ვასილ მახარაძეს, მას ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო