რუსეთის ყოფილ საელჩოსთან „ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშიას“ წევრები და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აქციას მართავენ და ხელისუფლებას ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
„ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშიას“ ლიდერის დავით ქაცარავას განცხადებით, ხელისუფლებამ უკანონო პატიმრობაში მყოფი პირები სასწრაფოდ უნდა გამოიხსნას.
"ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვუთხრათ ჩვენს ხელისუფლებას - ჩვენ მას უკვე აღარ ვენდობით. ჩვენ დიდი ხანია აღარ ვენდობით, მაგრამ უკვე მოთმინების ფიალა აივსო. მას ჰქონდა ძალიან დიდი დროის მონაკვეთი, რათა ეჩვენებინა, რომ ის მუშაობს ჩვენი მოქალაქეების დასახსნელად, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ეფექტურ და ქმედით ნაბიჯს იმისთვის, რომ თუნდაც ჩვენი ერთი მოქალაქე დაბრუნებულიყო, ვისაც ამხელა სასჯელი აქვს მისჯილი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. ჩვენ გადავწყვიტეთ, გავააქტიუროთ საზოგადოება და განვახორციელოთ ზეწოლა ხელისუფლებაზე და ზუსტად ისევე იმოქმედონ მათ, როგორც ეს მოხდა ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების შემდგომ პერიოდში. იგივე უნდა განხორციელდეს 5-ვე გატაცებულის შემთხვევაში. გატაცებულები არიან: გენადი ბესტაევი, ზაზა გახელაძე, ლაშა ხეთერელი, რამაზ ბეღელური ირაკლი ბებუა. ეს ხუთივე დაკავებული სასწრაფოდ უნდა გამოიხსნას ხელისუფლებამ", - განაცხადა დავით ქაცარავამ.
როგორც ქაცარავამ აღნიშნა, აქციები იქნება ძალიან ხშირი და შაბათს იგეგმება აქცია ზაზა გახელაძის გატაცების ადგილზე.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).