ჩეხეთის ელჩმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში შეხვედრა გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრ მიკისკას შეხვდნენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ჩეხეთის ორმხრივი ურთიერთობები, სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების მიმართულებები განიხილეს.

„ჩეხ დიპლომატთან შეხვედრისას ქართველმა კანონმდებლებმა საგარეო პოლიტიკის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრეს და ყურადღება იმ საგარეო პრიორიტეტებზე გაამახვილეს, რომლებზეც საქართველოს პარლამენტი და მთავრობა ერთობლივად მუშაობენ. აღინიშნა, რომ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირში ინტეგრაციაა და ქვეყანა ეტაპობრივად ემზადება, რათა 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააკეთოს. შეხვედრაზე საუბრის თემას საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარება, დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობა, რეგიონული უსაფრთხოება და კოვიდ-19 პანდემიის მართვის საკითხები წარმოადგენდა.

პეტრ მიკისკამ შეხვედრაზე ჩეხეთის პოზიცია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის შესახებ, კიდევ ერთხელ დაადასტურა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებებზე მხარდაჭერა გამოთქვა. აღინიშნა, რომ ჩეხეთი საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს.

კომიტეტის ხელმძღვანელობამ ჩეხ დიპლომატს მადლობა გადაუხადეს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ჩეხეთის მთავრობა საქართველოს მიმართ ახორციელებს. შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო თანამშრომლობის ფორმატებსა და კომუნიკაციის გზებზე შეთანხმდნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს