მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - უბრალოდ ამბობენ, რომ „არჩევნები გაყალბდა“ - მტკიცებულებას ვერასდროს წარმოადგენენ

უმოკლეს დროში ჩვენ აბსოლუტურად სხვა სახის არჩევნებზე უნდა გადავიდეთ. რა თქმა უნდა, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, უდიდესი პროგრესი, სპეკულაციებისთვის ეს სივრცეს პრაქტიკულად არ დატოვებს და კითხვის ნიშნებსაც გამორიცხავს, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, იყო საქმიანი, დეტალებზე ორიენტირებული, ჯანსაღი დისკუსია.

“ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოეწერა, იყო პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტი და არა ნორმები და მუხლები, რაზეც მსჯელობა შეიძლება. მსჯელობა შეიძლება ახლა იმაზე, რა ნორმები უნდა შეიქმნას. ჩვენ დაახლოებით, ერთკვირიანი ვადა ავიღეთ არასამთავრობო სექტორთან და იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც წარმოდგენილები არიან სამუშაო ჯგუფში, რომ ყველას მოსაზრება იყოს შემოსული, ხელმძღვანელები - იოსელიანი და პაპუაშვილი შეჯერდნენ და შემდეგ შეიქმნება პირველი „დრაფტი“, რაზეც შესაძლებელი იქნება მსჯელობა. არასამთავრობო სექტორის მხრიდან იყო საკმაოდ მყარი არგუმენტები კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება კონკრეტულ რეკომენდაციებს, ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ რამდენად მოსწრებადია და როგორ შეიძლება პრაქტიკაში და აღსრულებაში რეალობა დაერქვას ამ ყველაფერს, რასაც როგორც პოლიტიკურ დოკუმენტს ხელი მოეწერა. ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით არის სკეპტიკური მოსაზრებებიც და ოპტიმისტური მოსაზრებებიც. ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს მართლაც ისტორიული რეფორმა ბოლომდე მივიყვანოთ. იქნება ბევრი დეტალი, რომელთან დაკავშირებითაც ბევრი ცვლილება იქნება. ჩვენც ვცდილობთ და პარტია „მოქალაქეების“ აზრიც იყო, რომ დაახლოებული იყოს იმ პოზიციებთან, რომელიც ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით შეთანხმდა, სადაც ყველა პოლიტიკური ძალის აზრია წარმოდგენილი. ერთის მხრივ, ამას აქვს პოლიტიკური მდგენელი და მეორე მხრივ, ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ ეს შეთანხმება ნორმებად იქცეს და სწრაფი აღსრულება მოჰყვეს. რადგან გამოწვევა დიდი და სერიოზულია. უმოკლეს ვადაში ჩვენ აბსოლუტურად სხვა სახის არჩევნებზე უნდა გადავიდეთ. რა თქმა უნდა, ეს არის წინგადადმული ნაბიჯი, უდიდესი პროგრესი, სპეკულაციებისთვის ეს სივრცეს პრაქტიკულად არ დატოვებს და კითხვის ნიშნებსაც გამორიცხავს, მაგრამ უდიდესი გამოწვევაა, რასაც უნდა გავუმკლავდეთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძე ამბობს, მისი მხრიდან არასწორი იქნება კონკრეტული გვარ-სახელებით საუბარი, თუმცა იქნება თუ არა თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარე, ამას მისივე თქმით, „მომავალი გვიჩვენებს“.

ამასთან, მდინარაძის თქმით, ოპოზიციას ახლაც შეუძლია ჩაერთოს სამუშაო პროცესში, თუმცა, მისივე შეფასებით, „ოპოზიციას არგუმენტები საერთოდ აღარ გააჩნია“.

„გაყალბებული არჩევნები“ ეს ფრაზა აქვთ დაზეპირებული და ფიქრობენ, რომ ამისთვის არგუმენტები აღარ არის საჭირო. ჩვენ მივდივართ პრაქტიკულად ყველაფერზე, რაც კი შეიძლებოდა ჩვენიდან დათმობილიყო. მათი მხრიდან გვაქვს პიარის ჯიუტი ფორმა - „არჩევნები გაყალბდა“ და აღარ აინტერესებთ ეს გამოსაძიებელია თუ არა. ჩვენ არჩევნების მეორე დღესვე ვიყავით დარწმუნებული, რომ არჩევნების გაყალბების რაიმე მტკიცებულებას ვერავინ წარმოადგენდა. ელემენტარულად, სერიოზული დარღვევები და ხარვეზები არ ყოფილა. თვითონ ხომ აქვთ არჩევნების გაყალბების პრაქტიკები, გვითხრან, როგორ ხდება შედეგების გადაწერა, მათ წარმოგვიდგინონ არგუმენტები. მათი 11 ათასი წარმომადგენლის ხელმოწერა თუ გაყალბდა, თქვან, ვინმემ მიიყვანა ეს ადამიანები, იძულებით და დაშინებით მოაწერინა ხელი? ამაზე პასუხს არ გვცემენ. იციან თვითონაც, რომ თავიანთი ლოგიკით ჩიხში არიან შესულები. პასუხი და არგუმენტები მათი მხრიდან არ გვაქვს, უბრალოდ ამბობენ, რომ „არჩევნები გაყალბდა“. მტკიცებულებას ვერასდროს წარმოადგენენ“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, დარწმუნებით იმის თქმა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა, ასევე განხორციელდება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებები, არ შეიძლება.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებები სამუშაო ჯგუფში მსჯელობის ძირითადი საკითხი არ იქნება.

„თემა უფრო რეალური გახდება, როცა 113 ადამიანი იმუშავებს პარლამენტში“, - განაცხადა მდინარაძემ.

იხილეთ ვიდეო:მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - უბრალოდ ამბობენ, რომ "არჩევნები გაყალბდა" - მტკიცებულებას ვერასდროს წარმოადგენენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა