ადვოკატის განცხადებით, ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის მიზანი იყო ემსჯელათ იმ შესაძლო მექანიზმებზე, რომლითაც გიორგი რურუას „უკანონო პოლიტიკური პატიმრობა უნდა დასრულდეს”

სტრატეგიული ანალიზის ცენტრში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების, გიორგი რურუას უფლებადამცველებისა და მისი მეუღლის - სოფო სიხარულიძის შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გიორგი რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა აღნიშნა, შეხვედრის მიზანი იყო ემსჯელათ იმ შესაძლო მექანიზმებზე, რომლითაც გიორგი რურუას „უკანონო პოლიტიკური პატიმრობა“ უნდა დასრულდეს.

მისივე თქმით, სააპელაციო სასამართლომ საჩივრის განხილვის კანონით გათვალისწინებული ვადა დაარღვია და საქმის განხილვა დღემდე არ გაგრძელებულა.

“საუბარი იყო, რომ გავაკეთოთ მიმართვა და გავაქტიურდებით საერთაშორისო ასპარეზზე ამ თვალსაზრისით. არაერთი გამოხმაურება იყო როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან ასევე ევროპარლამენტიდან გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით, შესაბამისად ამ მიმართულებებით დაიგეგმა გარკვეული ტიპის ღონისძიებები. წელიწადი და ოთხი თვეა პატიმრობაში იმყოფება გიორგი რურუა, სააპელაციო სასამართლომ საჩივრის განხილვის კანონით გათვალისწინებული ვადა დაარღვია და დღემდე არ არის ეს საქმე განხილული, მაშინ როდესაც ზაფხულის შემდეგ ორთვიანი ვადა ჰქონდა სასამართლოს. ამ საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება გარდა პოლიციელთა ყალბი ჩვენებებისა, პირიქით არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომელიც ამტკიცებს მის უდანაშაულობას. მათ შორის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ ამოღებულ იარაღზე გიორგი რურუას თითის ანაბეჭდები არ არის“, - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, გიორგი რურუას საკითხი 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო, თუმცა შეუსრულებელი დარჩა.

“გარდა ამისა, შეიცვალა სამართლებრივი მდგომარეობაც და ვმსჯელობდით სტრატეგიაზე, როგორ მოვახდინოთ მისი პატიმრობის თემის გააქტიურება როგორც შიდა, ასევე საგარეო დისკუსიაში. ჩვენ გვაქვს ჩვენი სამოქმედო გეგმა, რომლითაც ვიმოქმედებთ უახლოეს მომავალში იმისათვის, რომ გააქტიურდეს ამ საკითხზე მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ყურადღების კონცენტრირება“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 მუხლების მიხედვით წაუყენეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

2020 წლის 30 ივლისს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ რურუა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა