არჩილ თალაკვაძე - ღიმილისმომგვრელი და აბსურდულია ოპოზიციის არგუმენტი, თითქოს ყველაფერი შესწორებულია და საგამოძიებო კომისიის შექმნას აზრი არ აქვს

ღიმილისმომგვრელი და აბსურდულია ოპოზიციის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ თითქოს ყველაფერი შესწორებულია და საგამოძიებო კომისიის შექმნას აზრი არ აქვს, - აღნიშნული შეფასება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

ამ კონტექსტში თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა ოქმს, მათ შორის შესწორების ოქმებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ხელმოწერა აქვს.

“ჯერჯერობით, რასაც ვისმენთ საჯაროდ, არის ერთადერთი კონტრარგუმენტი – ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი აცხადებს: რაღა აზრი აქვს კომისიის შექმნას, ყველაფერი უკვე გადასწორებული აქვს ხელისუფლებას ოქმებში და შესაბამისად, დარღვევების აღმოჩენა ვეღარ მოხდება. ამ ღიმილისმომგვრელ არგუმენტზე მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ როგორც თავდაპირველი დათვლის ოქმები, ასევე დათვლიდან ძალიან მოკლე ხანში გაკეთებული შესწორების ოქმები არის ხელმოწერილი ოპოზიციური პარტიების 11-ათასამდე წარმომადგენლის მხრიდან. თუ ასე არ არის, მათ შორის ამის გადამოწმებაც შეუძლია საგამოძიებო კომისიას, მაგრამ ეს ასეა. შესაბამისად, არგუმენტი, თითქოს ყველაფერი შესწორებულია, რა თქმა უნდა, გახლავთ აბსურდული, რადგან შესწორების ოქმებს, სადაც ასეთი არსებობს, ყველგან ახლავს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ხელმოწერები. თუ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ეს ასე არ არის გაკეთებული, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ამის გადამოწმებაც მარტივად შეუძლიათ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, აიღონ პასუხისმგებლობა, საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩაერთონ და საკუთარი ბრალდებები ფაქტებით დაადასტურონ.

“წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც კი კომისიის საქმიანობა დასრულდება, ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს ბრალდებები უბრალოდ აღარ არსებობს“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტის დადგენილების პროექტი 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში აისახა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა