ილიაუნის სამართლის სკოლამ ესეების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების მიერ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოცხადებული ესეების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ისინი სამართლის სკოლის დეკანთან ონლაინშეხვედრაზე შესაბამისი სიგელებით, სწავლის დაფინანსებითა და სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდნენ.

კონკურსის თემა „რა გავლენა მოახდინა კორონავირუსის პანდემიამ შენს უფლებებზე?“ 2020 წლის 10 დეკემბერს X-XII კლასების მოსწავლეებისთვის გამოცხადდა.

„კონკურსით ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდა და გამარჯვებულთა გამოვლენა საკმაოდ გართულდა, რადგან თითოეული მონაწილე გამოირჩეოდა კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნებით.

პირველი ადგილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის თემის N1 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ, თამარ აქუბარდიამ დაიკავა. მეორე ადგილზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე მარიამ ბალახაძე გავიდა. მესამე ადგილის მფლობელი კი გვანცა ფირცხალავა, თბილისის 67-ე სკოლის მეათე კლასის მოსწავლე, გახდა. I ადგილზე გასულმა კონკურსანტმა 1000-ლარიანი ვაუჩერი მიიღო, II ადგილზე გასულმა – 800-ლარიანი, ხოლო III ადგილზე გასულმა კონკურსანტმა – 500-ლარიანი ვაუჩერი,“- ნათქვამია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციაში.

ილიაუნის სამართლის სკოლის დეკანის, ირაკლი ფორჩხიძის განცხადებით, ესეებში ძირითადად ხაზი გაესვა განათლების მიღებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებსა და უფლებების შეზღუდვას.

„არსებულმა შეზღუდვებმა, განსაკუთრებით კი გადაადგილებასთან დაკავშირებულმა შეზღუდვამ, ადამიანებში სხვადასხვა ტიპის აშლილობა გამოიწვია, რაც ოჯახურ ძალადობას უკავშირდება. ეს თემა ბევრ ესეში იყო გამოკვეთილი. სათქმელი ბევრმა მონაწილემ ძალიან კარგად ჩამოაყალიბა. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო იმ განცდების შესახებ წაკითხვა, რომელიც თითოეულ მათგანს ჰქონდა,“- განაცხადა ირაკლი ფორჩხიძემ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციიით, შეფასებისას მთავარი აქცენტი მსჯელობის უნარზე გაკეთდა – რამდენად კარგად იყო თემაში მიმოხილული ქვეყანაში არსებული პრობლემები, როგორ ხედავენ მოსწავლეები უფლებების შეზღუდვას და რამდენად არგუმენტირებულად ასაბუთებენ საკუთარ აზრს, ასევე, რამდენად გამართულად აყალიბებენ ისინი სათქმელს, რამდენად კარგად იყენებენ სტატისტიკურ მონაცემებს და ორიგინალურად გადმოსცემენ შინაარსს.

„ჩემი ესეს სათაური იყო „50 400“. ეს იმ ბავშვების რაოდენობაა, რომელთაც, ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში განათლების უფლება დაერღვათ. თუმცა ეს მხოლოდ სტატისტიკაა და რეალურად ამ რიცხვების მიღმა უამრავი ჩემი მსგავსი ადამიანია. ბავშვები, რომლებსაც სწავლა უნდათ, მაგრამ ასეთ რთულ მდგომარეობაში ძალიან მოულოდნელად და მოუმზადებლები აღმოჩნდნენ. ჩემი ესე ამას ეძღვნებოდა. ეს პლატფორმა გამოვიყენე, რათა მესაუბრა არა მხოლოდ ჩემი და ჩემი მეგობრების, არამედ ამ 50 400 ბავშვის სახელით, რომელთაც განათლების უფლება შეეზღუდათ“, – ამბობს კუნკურსში პირველ ადგილას გასული მოსწავლე თამარ აქუბარდია.

ორგანიზატორების თქმით, კონკურსის მიზანი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების პოპულარიზაცია იყო და ეს მიზანი მან სრულყოფილად შეასრულა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა