ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ილიას მედლით დააჯილდოვა ილიაუნის სამი პროფესორი, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა რეიტინგში დასახელდნენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ და რექტორის მოადგილე ნინო დობორჯგინიძემ ილიაუნის პროფესორები – ოზგურ ქიში, რაინერ ვ. ბუსმანი და მერაბ სვანაძე, რომლებიც სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა 2%-ში დასახელდნენ, ილიას მედლით დააჯილდოვეს. ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათი ცნობით, სტენფორდის უნივერსიტეტმა მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა 2%-ის რანჟირებული სია გამოაქვეყნა, რომელშიც ხუთი მეცნიერი დასახელდა საქართველოდან, მათგან სამი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია.

„დღეს ჩვენ დავაჯილდოვეთ ჩვენს უნივერსიტეტთან აფილირებული სამი მეცნიერი, პროფესორი, მკვლევარი, რომლებიც მოხვდნენ სტენფორდის ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის მიხედვით ყველაზე ინოვაციურ მეცნიერებს შორის. ასევე მნიშვნელოვანი მგონია ის ფაქტიც, რომ, დაჯილდოების პროცესში რაც გამოიკვეთა, ეს არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერული პროცესის ინტერნაციონალიზაცია. მოგეხსენებათ, ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია აღიარების კრიტერიუმი, ის, თუ სამეცნიერო ცენტრებში რამდენად აფასებენ იმ კვლევებს, რომელთაც ჩვენ აქ ვატარებთ, ასევე ის, საერთაშორისო მეცნიერები რამდენად არიან დაინტერესებულები, რომ მოღვაწეობა, საკუთარი კვლევა დაუკავშირონ საქართველოს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ილიას მედალი გადაეცათ ამ მეცნიერებს და დარწმუნებულები ვართ, როგორც ისინი, ისე მათი კოლეგები, განაგრძობენ როგორც ქვეყნისთვის, ისე მსოფლიოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას“, – განაცხადა ილიაუნის რექტორმა გიგა ზედანიამ.

ილიას ჯილდო ილია ჭავჭავაძის ორმაგ იუბილესთან დაკავშირებით 2017 წელს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესდა. ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემათ მეცნიერებს უნივერსიტეტის აკადემიური საქმიანობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

„ყოველ წელს გვაქვს განსხვავებული ფოკუსი. შარშან, მაგალითად, პრიორიტეტი მივანიჭეთ ახალგაზრდა მეცნიერებს, რომლებსაც ყველაზე მაღალი HEDC ჰქონდათ, წელს კი კვლევითი ჯგუფის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ილიას მედლით დაჯილდოვნენ ის მეცნიერები, რომლებიც სტენფორდის რეიტინგული კვლევის მიხედვით მსოფლიო მეცნიერების 2%-ში მოხვდნენ, მეცნიერები, რომელთაც თავიანთ დარგში ყველაზე მეტად შეუწყვეს ხელი პროგრესის მიღწევას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს მეცნიერები ქმნიან აქ თანამედროვე კვლევით, განსაკუთრებით საგანმანათლებლო პროგრამებს. ჩვენნაირი, განვითარებადი, პოსტ-საბჭოთა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სტუდენტებმა უშუალოდ იმ ადამიანებისგან ისწავლონ, რომლებიც მსოფლიოს რეიტინგში პირველ ადგილებზე არიან და ამ მეცნიერებმა დაამკვიდრონ საქართველოში მაღალი საგანმანათლებლო სტანდარტი“, – აღნიშნა ილიაუნის რექტორის მოადგილემ, ნინო დობორჯგინიძემ.

ოზგურ ქიში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულების პროფესორი, მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილზეა გარემოს დაცვის ინჟინერიაში; რაინერ ვ. ბუსმანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ეთნობოტანიკის კვლევითი ცენტრის თანადამფუძნებელი, გამომცემლობა Springer-ის კავკასიის ეთნობოტანიკის სერიის დამფუძნებელი და გამომცემელი,მსოფლიო რეიტინგში 518-ე ადგილზეა სამკურნალო და ბიომოლეკულური ქიმიის მიმართულებაში; მერაბ სვანაძე, ილიაუნის მათემატიკის მიმართულების პროფესორი, მექანიკური ინჟინერიისა და ტრანსპორტის დარგში მსოფლიოს მასშტაბით 1631-ე ადგილს იკავებს.

„ეს ჯილდო საუკეთესო სტიმულია, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო როგორც პედაგოგიურ, ასევე სამეცნიერო მუშაობაში. 15 წელია ვმუშაობ აქ და ყველაზე დიდი წარმატებები ამ პერიოდში გამოჩნდა საერთაშორისო მასშტაბით. გასულ წელს „შფრინგერში“ დავბეჭდე წიგნი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ჩემს დარგში გამოცემულ წიგნებს შორის, იმედი მაქვს, კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მივაღწევთ არა მარტო მე, არამედ ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი“, – განაცხადა ილიას ჯილდოს მფლობელმა, პროფესორმა მერაბ სვანიძემ.

სტენფორდის რეიტინგის მეთოდოლოგიის შესახებ ექსპერტთა მიერ მომზადებულ სიაში წარმოდგენილია 22 სამეცნიერო დარგსა და 176 ქვედარგში მომუშავე 100 000-ზე მეტი მეცნიერი, რომელთა კვლევებმა ხელი შეუწყო შესაბამისი სფეროს წინსვლასა და სხვა მკვლევრების პროდუქტიულობის ამაღლებას. სტენფორდის რეიტინგი ეყრდნობა Scopus-ის მონაცემებს და აკადემიური საქმიანობის შეფასებისას იყენებს ციტირების შემდეგ კრიტერიუმებს: ჰირშის hინდექსი; თანაავტორობის Schreiber hm-ინდექსი; დამოუკიდებლად გამოქვეყნებული ნაშრომების ციტირება და ციტირების ერთიანი ინდექსი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს